პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება
2022-05-02 17:11:56
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 აპრილს, „Datacomm“-ის სახელით მოქალაქეებისთვის გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით (რომელიც მათ პირად მონაცემებს შეიცავდა) გამოძიება დაიწყო.
სწორედ გამოძიების შედეგად უნდა გახდეს ცნობილი, მათ შორის იმ გარემოებების შესახებ, თუ საიდან იქნა შეტყობინებებში მითითებული პირების პერსონალური მონაცემები მოპოვებული და ასევე, რა ზიანი შეეძლო გამოეწვია მოქალაქეებისთვის შეტყობინებაში მითითებულ ბმულზე გადასვლას.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოქლაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს თავი შეიკავონ „Datacomm“-ის სახელით მსგავსი შინაარსის მიღებულ შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის (ე.წ. „ლინკის“) გახსნისაგან, რადგან ბმული შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს (malware, spyware), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომა.
ასევე მათთვის, ვინც უკვე გახსნა შეტყობინებებში მითითებული ბმული, რეკომენდირებულია, რომ შეცვალონ მოწყობილობაში არსებულ საფინანსო აპლიკაციებზე და პირადი კომუნიკაციის არხებზე (ელ. ფოსტა, მესენჯერი და ა.შ) პაროლები.