პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ინსპექტირების მეთოდოლოგიის შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ

2022-04-29 13:26:47

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ინსპექტირების მეთოდოლოგიის შესახებ სამდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ. ტრენინგს საქსონიის მონაცემთა დაცვის, ასევე გერმანიის მონაცემთა დაცვისა და ინფორმაციის თავისუფლების ფედერალური კომისრის ოფისებიდან მოწვეული ექსპერტები გაუძღვნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, ოთარ ჩახუნაშვილმა გახსნა.
სამდღიანი ონლაინ ტრენინგის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული ინსპექტირების მეთოდოლოგიის სხვადასხვა ასპექტი: ინსპექტირების ფარგლები, მიზნები და ეტაპები; ინსპექტირების წლიური გეგმის შედგენისას გასათვალისწინებელი ფაქტორები; აგრეთვე, გერმანიის საზედამხედველო ორგანოების შიდა ორგანიზაციული პროცედურები და დოკუმენტები, ინსპექტირების სახეები და ინსტრუმენტები, ასევე, მონაცემთა დამმუშავებლის უფლებები და ვალდებულებები, ინსპექტირების საბოლოო ანგარიშის მომზადებას.
ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მას სამსახურის 25-მდე თანამშრომელი დაესწრო.
ექსპერტული მისია ევროპის კომისიის პროექტის, ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა საუკეთესო ევროპული გამოცდილების სამსახურის საქმიანობაში დანერგვას.