პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის პირად ელექტრონულ ფოსტაზე წვდომასთან დაკავშირებით

2022-05-02 11:15:57
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, განცხადების საფუძველზე, კერძო კომპანიის მიერ მასთან დასაქმებული პირის პირად ელექტრონულ ფოსტაზე წვდომის კანონიერება შეისწავლა.

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით,  ყოფილი დამსაქმებლის მიერ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელით ცნობილი გახდა, რომ კომპანიას წვდომა ჰქონდა მის პირად ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც დამახსოვრებული დარჩა  სამსახურეობრივ კომპიუტერში.  კომპანიის განმარტებით, განმცხადებლის სამსახურიდან წასვლის შემდგომ დადგა განმცხადებლის მფლობელობაში არსებული კომპიუტერის (ლეპტოპის) გასუფთავებისა და ახალი თანამშრომლისთვის გადაცემის საჭიროება, რა დროსაც კომპანიამ აღმოაჩინა, რომ ლეპტოპში ხელმისაწვდომი იყო განმცხადებლის პირადი ელექტრონული ფოსტა ე.წ. „ვებ ბრაუზერში“ - „Google Chrome“. თუმცა, კომპანიის განმარტებით, კომპანიას არ უნახავს მასზე არსებული მიმოწერა.

განმცხადებლის სარგებლობაში არსებული კომპიუტერის ჩართვის შემდგომ, კომპანიას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ განმცხადებელმა დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, კონკურენტ კომპანიას გაუმჟღავნა კონფიდენციალური ინფორმაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კომპანიამ განმცხადებლის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა სასამართლოში.

განმცხადებლის პირად ელექტრონულ ფოსტაზე შემთხვევითი და უკანონო წვდომის თავიდან არიდების მიზნით, კომპანიის მიერ კომპიუტერიდან ამოღებულ იქნა მყარი დისკი (ე.წ. „ვინჩესტერი“), რომელიც შენახულ იქნა კომპანიის დირექტორის სამუშაო ოთახში. კომპანიამ მყარი დისკის მეშვეობით განმცხადებლის პირადი ელექტრონული ფოსტის შენახვის სამართლებრივ საფუძვლად კომპანიის კანონიერი ინტერესის დაცვაზე მიუთითა, რათა კომპანიის პოზიციის გასამყარებელი ინფორმაციის არსებობის დასადასტურებლად მყარი დისკის გადაეცა შესაბამისი საექსპერტო დაწესებულებისთვის.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ კომპანიას არ ჰქონდა განმცხადებლის პირადი ელექტრონული ფოსტის შენახვის კანონიერი ინტერესი, რამდენადაც კომპანიისთვის უცნობი იყო და არ ფლობდა ინფორმაციას განმცხადებლის პირად ელექტრონულ ფოსტაზე არსებული მიმოწერის შინაარსის შესახებ. ამასთან, კომპანიისთვის უცნობი იყო მის მიერ განმცხადებლის პირადი ელექტრონული ფოსტის შენახვის გზით დამუშავება იყო თუ არა გამოსადეგი და ასევე, აუცილებელი. აღნიშნულის გათვალისწინებით კი შეუძლებელია კომპანიას ჰქონოდა მონაცემების დამუშავების კანონიერი ინტერესი.

ნიშანდობლივია, რომ კონსტიტუციის მე-15 მუხლით დაცული კომუნიკაციის თავისუფლების რეალიზების უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია მონაცემთა დამმუშავებლის მხრიდან უფლებაში ჩარევის შემთხვევაში ჩარევის ხარისხი, ინტენსივობა და მოცულობა შესაბამისობაში იყოს მოქმედ კანონმდებლობასთან. განსახილველ შემთხვევაში კომპანიის მხრიდან განმცხადებლის პირად ელექტრონულ ფოსტაზე არსებულ მიმოწერაზე წვდომის შესაძლებლობა სწორედ ზემოაღნიშნულ უფლებაში უხეში ჩარევა იყო, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლის პირადი ელექტრონული ფოსტის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი საფუძვლ(ებ)ის გარეშე დამუშავების გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კომპანია სამართალდამრღვევად სცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და დაავალა განმცხადებლის პირადი ელექტრონული ფოსტის წაშლა.

კომპანიის მიერ 2022 წლის 29 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ოფიციალურ ელექტორულ ფოსტაზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ 2022 წლის 28 აპრილს შეასრულა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით მიცემული დავალება.