სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი კიბერდანაშაულის სტრატეგიისა და პოლიტიკის შესახებ დისკუსიას დაესწრო
2022-04-20 11:52:30
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ჯონი ჩონიაძე კიბერდანაშაულის სტრატეგიისა და პოლიტიკის შესახებ დისკუსიას დაესწრო.
ღონისძიება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი რეგიონული პროექტის CyberEast ორგანიზებით თბილისში 18-19 აპრილს გაიმართა.
შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის (Cyber Barometer) შედეგები და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის (ბუდაპეშტის) კონვენციის მე-2 დამატებითი ოქმი განიხილეს, რომელიც 2021 წელს შემუშავდა და ხელმოწერისთვის 2022 წლის მაისში გაიხსნება. კონვენციის მითითებული ოქმი გამოძიების ფარგლებში მონაცემების ტრანსსასაზღვრო გადაცემას უკავშირდება, შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ჩართულობა აღნიშნული საკითხის განხილვაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ღონისძიებას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს,ციფრული მმართველობის სააგენტოს,საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული კომუნიკაციების სააგენტოს და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.