პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე, ბოლნისში მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა
2022-04-19 16:25:48
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე, ბოლნისში, საქართველოს საპატრიარქოს იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საჯარო ლექცია ჩაუტარა.
შეხვედრას უძღვებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი იურისტი სალომე ქურასბედიანი.
ლექცია პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, განსაკუთრებით არასრულწლოვანთა უფლებებსა და სამსახურის მანდატს შეეხებოდა. შეხვედრაზე ასევე, განიხილეს სოციალური ქსელებით სარგებლობისას პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხები და პრაქტიკული მაგალითები.
საჯარო ლექცია ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა შეკითხვები მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით დასვეს. დაინტერესდნენ რა უფლებები აქვთ, რა შემთხვევაში და როგორ შეუძლიათ მიმართონ სამსახურს.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობის შესახებ სკოლის მოსწავლეებისთვის ცნობიერების ამაღლება იყო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საინფორმაციო საჯარო ლექციების ჩატარებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.