პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 30-ე საგაზაფხულო კონფერენციის პანელურ სესიაზე მოხსენებით წარსდგება

2022-04-15 14:50:03
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 30-ე საგაზაფხულო კონფერენციის პანელურ სესიაზე მოხსენებით წარსდგება. მოწვევა ლელა ჯანაშვილმა ხორვატიის საზედამხედველო ორგანოს ხელმძღვანელისგან ზდრავკო ვუკიჩისგან მიიღო.
 სესია პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით ევროკავშირისა და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს შორის ურთიერთდახმარებას, ტრანსასაზღვრო შემთხვევების განხილვასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას შეეხება.
 ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების 30-ე საგაზაფხულო კონფერენცია 19-20 მაისს ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკში გაიმართება. კონფერენციის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება ხორვატიის, დიდი ბრიტანეთის, ევროპის მონაცემთა დაცვის ზედამხედველის, გერმანიის, შვეიცარიის, ნიდერლანდების, გიბრალტარისა და კონფერენციის ორი წინა მასპინძელი საზედამხედველო ორგანოების - ალბანეთისა და საქართველოს წარმომადგენლებისაგან.
 ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების ყოველწლიური საგაზაფხულო კონფერენცია პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმია. კონფერენციის ფარგლებში მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოები განიხილავენ არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და მონაცემთა დაცვის საუკეთესო პრაქტიკას.
ვრცლად საგაზაფხულო კონფერენციის შესახებ:

👇
https://springconference2022.hr/speakers