სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრებული მომზადდა

2022-02-12 11:58:18
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კრებული მომზადდა. კრებული პერსონალურ მონაცემთა დაცვის, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე მომზადებულ 10 პრეცედენტულ გადაწყვეტილებას აერთიანებს.

საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გაცნობისა და პროფესიული დისკუსიის წახალისების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა. სასწავლო პროცესი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ სოფიო ჯიაძემ და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მააიკე ვან კოლდამმა გახსნეს.  

პროგრამის ფარგლებში განხილული იქნა ევროპული სასამართლოს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მოიცავდნენ: პოლიციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ფარულ მეთვალყურეობას, მასობრივ მიყურადებას, საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლებისა და უცხოური დაზვერვის სამსახურებიდან მონაცემების მიღებას, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის კომუნიკაციის მონიტორინგს, ვიდეო მონიტორინგის განხორციელებასა და სხვა აქტუალურ საკითხებს.

პროექტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მაქსიმალურ ყურადღებას უთმობდა ევროპული სტანდარტებისა და პრეცედენტული სამართლის ეროვნულ დონეზე დანერგვას. საერთაშორისო პრაქტიკის ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დაეხმარება გაიზიაროს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და შეძლოს მათი გამოყენება.

კრებულის დეტალურად გასაცნობად გადადით შემდეგ ბმულზე: https://personaldata.ge/cdn/2022/02/rulings_of_the_european_court_of_human_rights_and_the_court_of_justice_of_the_european_union.pdf