სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა

2021-12-27 19:31:31
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა
შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად - ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხებოდა.
ლონდა თოლორაიამ აშშ-ს ელჩს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. სახელმწიფო ინსპექტორმა ელჩის ყურადღება გაამახვილა კანონპროექტის დაინიცირების დროსა და მისი დაჩქარებული წესით განხილვაზე. ლონდა თოლორაიას მიერ ხაზგასმული იქნა, რომ კანონპროექტში არ არის ასახული არც ერთი რეკომენდაცია, რომელიც გაცემულია საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის მიერ და არც ერთი გამოწვევა, რაზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მრავლად აქვს მითითებული საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ 2020 წლის ანგარიშში. ახალი კანონპროექტით ხდება არა სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია. უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2022 წლის 1 მარტიდან რჩება სამსახურის გარეშე.
,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელმაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველა გამოწვევის საპასუხოდ, გააკეთა მაქსიმუმი და ერთი მხრივ, შეინარჩუნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობის მაღალი სტანდარტი, ხოლო მეორე მხრივ შექმნა მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პრაქტიკა და უპასუხა იმ მთავარ გამოწვევას, რისთვისაც ეს სამსახური შეიქმნა - შეძლო აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ამ კატეგორიის დანაშაულების გამოძიების მიმართ“ - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
შეხვედრაზე კელი დეგნანმა, ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, როგორც დამოუკიდებელი უწყების, როლს ქვეყნის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პროცესში. მისი შეფასებით, სამსახურს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია იმ საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაში, რომლებიც პირველ რიგში საზოგადოების წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი. კელი დეგნანმა უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ პროცესი, ყველანაირი აუცილებლობის გარეშე, დაჩქარებულ ვადებში, ყოველგვარი კონსულტაციების, მათ შორის, თავად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან განხილვისა და გამჭვირვალობის გარეშე წარიმართა. მისი განცხადებით, პროცესის ფარულად და არაგამჭვირვალედ მიმდინარეობა, არის გაშვებული შესაძლებლობა რეალური ცვლილებების განსახორციელებლად.
აშშ-ს ელჩისთვის ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ კანონპროექტი 2022 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თითოეული თანამშრომლის გათავისუფლებას ითვალისწინებს. მაშინ როდესაც, დღემდე არანაირი კითხვის ნიშნები და პრეტენზიები მათ საქმიანობასთან დაკავშირებით არ გაჟღერებულა. სამსახური დაკომპლექტებულია სფეროს სპეციალისტებითა და კვალიფიციური ექსპერტებით, რომლებიც არაერთი წლის მანძილზე კეთილსინდისიერად ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობებს - აღნიშნა კელი დეგნანმა.
აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა სრული მხარდაჭერა აღუთქვა სამსახურს და საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციით მიმართა: დაპაუზდეს და შენელდეს კანონპროექტის ნაჩქარევი განხილვის პროცესი, განხილვა წარიმართოს ინკლუზიურად და გათვალისწინებული იქნეს რეალური ინიციატივები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გასაძლიერებლად.