სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა CEEDPA-ს 21-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა
2021-12-21 12:45:46სხდომის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ - სალომე ბახსოლიანმა მოდერაცია გაუწია სესიას, რომელიც ,,კოვიდ-19“-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს შეეხებოდა. სალომე ბახსოლიანმა მონაწილეებს საქართველოს გამოცდილება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობა გააცნო. ამასთან, სესიის ფარგლებში დისკუსია გაიმართა ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: პანდემია და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება, საზედამხედველო ორგანოების გამოწვევები, ,,კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა, ტესტირების შედეგები, მონაცემთა შენახვის ადგილი და ვადა, მონაცემთა დამუშავება შრომით ურთიერთობებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებისთვის და სხვა.
გარდა ამისა, სხდომის ფარგლებში სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივ საკითხთა კოორდინატორმა - მარიამ ელყანაშვილმა მონაწილეებს ორი მოხსენება წარუდგინა. მოხსენებების ფარგლებში მარიამ ელყანაშვილმა ისაუბრა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალ მანდატსა და როლზე, არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ქვეყანაში მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების კუთხით გატარებულ ინიციატივებს. ამასთან, მოხსენებაში ხაზგასმული იყო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტისა და 108+ კონვენციის ამოქმედების მნიშვნელობა და სამსახურის მზაობა, ითანამშრომლოს შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან - ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების ამაღლების უზრუნველსაყოფად. სესიის ფარგლებში, საინტერესო დისკუსია გაიმართა ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებისა და მათი იმპლემენტაციის შესახებ.
ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოების გაერთიანება წარმოადგენს 17 ქვეყნის საზედამხედველო ორგანოების კავშირს და მიზნად ისახავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების ხელშეწყობას, წევრ სახელმწიფოთა გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას. საქართველო 2014 წლიდან გაერთიანების წევრია.