სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოთვალთვალის განხორციელების შესახებ რეკომენდაცია შეიმუშავა

2021-12-15 13:58:53
 

🎥
ვიდეოთვალთვალი პერსონალური მონაცემების დამუშავების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომელსაც საჯარო დაწესებულებები, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოები, კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები სულ უფრო ხშირად იყენებენ უსაფრთხოების, საკუთრებისა თუ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნით. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს ვიდეომონიტორინგი ქუჩასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნით.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაცია, რომლის მიზანია სამსახურის მიერ ვიდეოთვალთვალის შესწავლილი პროცესების დროს გამოვლენილი დარღვევებისა და ნაკლოვანებების პრევენცია, ვიდეოთვალთვალის პროცესების გაუმჯობესება და ასევე, იმ კერძო და საჯარო დაწესებულებების (მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების), ფიზიკური პირების დახმარება, რომლებიც ვიდეოთვალთვალს სხვადასხვა მიზნით ახორციელებენ.
რეკომენდაციის სხვადასხვა თავებში, დეტალურადაა წარმოდგენილი ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო უწყებებში, კერძო დაწესებულებებსა და საცხოვრებელ შენობებში ვიდეოთვალთვალის დროს გასათვალისწინებელი წესები.
 რეკომენდაცია საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, ევროპულ სტანდარტებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება.
 

🛑
რეკომენდაცია ეხმიანება იმ დარღვევებსა და ნაკლოვანებებს, რომლებიც გამოვლინდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ვიდეოთვალთვალის შესწავლილი ათეულობით პროცესის დროს:
  •  დაწესებულებათა უმრავლესობაში არ არსებობს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დეტალურად მოაწესრიგებს ვიდეოთვალთვალთან დაკავშირებულ საკითხებს;
  •  რიგ შემთხვევებში, ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის შესახებ არ არის განთავსებული გამაფრთხილებელი ნიშნები. ანუ, მონაცემთა სუბიექტები არ არიან ინფორმირებულნი ვიდეოთვალთვალის შესახებ;
  •  ხშირად არ არის განსაზღვრული მონაცემებზე წვდომის უფლების მქონე პირთა წრე. როგორც წესი, ერთი და იგივე მომხმარებლით (user) სარგებლობს რამდენიმე პირი, რაც შეუძლებელს ხდის ჩანაწერებზე წვდომის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირებას;
  •  ხშირ შემთხვევაში არ აღირიცხება ვიდეოჩანაწერების მიმართ განხორციელებული მოქმედებები - ვინ დაათვალიერა, ვინ გადმოწერა, ვინ წაშალა ჩანაწერი და ა.შ. ვიდეოჩანაწერის გავრცელების შემთხვევაში, ეს შეუძლებელს ხდის პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირებას;
  •  ზოგჯერ არ არის დაცული ვიდეოჩამწერი მოწყობილობის ფიზიკური უსაფრთხოება. კერძოდ, კამერები და ვიდეოჩამწერი მოწყობილობები განთავსებულია ოთახში, რომლის კარიც არ იკეტება;
  •  ზოგ შემთხვევაში ვიდეოთვალთვალის პარალელურად, არაკანონიერად მიმდინარეობს აუდიომონიტირინგიც;
  •  არაგონივრულია ან საერთოდ არაა განსაზღვრული ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადები, რაც არ არის თანხვედრაში ვიდეოთვალთვალის მიზნებთან. გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როცა ზუსტად არის განსაზღვრული მონაცემთა შენახვის ვადა, თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგ არ ხდება ჩანაწერების წაშლა;
  •  სამუშაო სივრცეში ვიდეოთვალთვალის შემთხვევაში, დასაქმებულები არ არიან სათანადოდ ინფორმირებულნი ვიდეოთვალთვალის შესახებ;
  •  ცალკეულ შემთხვევებში კერძო და საჯარო დაწესებულებები ვიდეოჩანაწერებს გადასცემენ არაუფლებამოსილ პირებს ან/და არ აღირცხავენ ჩანაწერების სხვისთვის გადაცემას;
  •  ხშირად არ არის დანერგილი ვიდეოჩანაწერებზე წვდომის უფლებამოსილების მქონე პირების მონიტორინგის მექანიზმი და მათი მხრიდან არასამსახურებრივი მიზნით სისტემაზე წვდომის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების გამოყენების პრაქტიკა.

🔴
სამსახურის მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგებმა ასევე ცხადყო, რომ კვლავ გამოწვევად რჩება ფიზიკური პირების მიერ საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალისას კანონით დადგენილი წესების დაცვა:
  •  გამოვლინდა შემთხვევები, როცა ფიზიკური პირის მიერ მის საცხოვრებელ შენობაზე დამონტაჟებული ვიდეოკამერის ხედვის არეალი მოიცავდა საერთო სარგებლობის სივრცეს ან მეზობლის შესასვლელსაც ისე, რომ არ არსებობდა შენობაში მცხოვრებ სხვა მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა. ცხადია, აღნიშნული ზრდის სხვის პირად ცხოვრებაში არამართლზომიერი ჩარევის რისკებს;
  • ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ შენობებში სათვალთვალო კამერები განთავსებული იყო ფიქციურად, ვიდეოთვალთვალის მიმდინარეობის გარეშე, რაც მცდარ წარმოდგენას უქმნიდა მოქალაქეებს მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებაზე.
 რეკომენდაციას სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ მოცემულ ბმულზე: https://personaldata.ge/cdn/2021/12/recommendation-video-surveillance.pdf