"პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების" პროექტში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება იწყება

2021-12-08 09:46:53
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიური, მოტივირებული, კომუნიკაბელური სტუდენტებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების“ პროექტს აგრძელებს.

 

ვინ ვართ ჩვენ?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლე, საქართველოში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა.

 

რას საქმიანობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
  • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

 

საქმიანობის ძირითადი პრინციპები?

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:

  • კანონიერება;
  • ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა;
  • დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
  • ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
  • პროფესიონალიზმი;
  • საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.

 

რას გულისხმობს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების“ პროექტი?

პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერება საკმაოდ დაბალია, რაც ზრდის მონაცემების გაუაზრებლად გამჟღავნების/გაზიარებისა და შემდგომში მათი არასათანადოდ გამოყენების რისკებს. შესაბამისად, დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება საზოგადოებისთვის საჭირო ინფორმაციის როგორც ქ. თბილისში, ასევე, რეგიონებში მიწოდების საჭიროება. სწორედ აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აგრძელებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან შერჩეულ ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა, სამსახურის სახელით სხვადასხვა სახის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა. ასევე, საკუთარი ძალებით დაგეგმონ და განახორციელონ არაერთი საინტერესო და აქტუალური ღონისძიება. სამსახურის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს სტუდენტებისა და ახალი თაობის ხელშეწყობა წარმოადგენს, შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები წარმოადგენენ.

 

პროექტი პირველად ტარდება?

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების“ პროექტი 2020 წელს დაიწყო და მას ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა როგორც საზოგადოების, ისე პროექტის მონაწილე სტუდენტების მხრიდან.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს რვა რეგიონიდან შერჩეულ ოცამდე ელჩს საშუალება ჰქონდა დაეგეგმათ და განეხორციელებინათ არაერთი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანია. ასევე, ყოფილიყვნენ სამსახურის სხვადასხვა მასშტაბური ღონისძიებების მონაწილეები და საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაეზიარებინათ ისეთი მნიშვნელოვანი სამიზნე ჯგუფებისთვის როგორსაც სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები და რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა წარმოადგენს. ამასთან, გარდა საერთო საზოგადოებრივი სარგებლისა, თითოეულ ელჩს ჰქონდა შესაძლებლობა აემაღლებინა კვალიფიკაცია, განევითარებინა საკუთარი უნარ-ჩვევები და შეეძინა ღირებული პროფესიული გამოცდილება.

 

რას ფიქრობენ თავად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“?

 

 

 

დონარი (სამცხე-ჯავახეთი) – პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების პროექტი იყო შანსი, მიმეღო ინფორმაცია ჩემთვის აქამდე ნაკლებად ცნობილ საკითხებზე. პროექტი დამეხმარა არა მარტო განვითარებაში, არამედ პანდემიის დროს ჩემი და სხვათა უფლებების დაცვაში. ვფიქრობ ეს პროექტი არამარტო პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით, არამედ პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა.

 

 

 

ლუკა (შიდა ქართლი) – გამოვყოფდი ახალგაზრდების ჩართულობას ამ პროექტში, ვინაიდან მათი ინიციატივები ნათლად გვანახებს სად არის პრობლემა, ხედავენ სამიზნე ჯგუფს და ეძებენ გამოსავალს, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სწორედ მათი დახმარებით მოგვეცა საშუალება მიგვეღო ცოდნა, გაგვეანალიზებინა პრობლემა და შემოგვეთავაზებინა გამოსავალი, რომელიც კიდევ უფრო მეტ აქტიურობას სძენს ინფორმაციის გავრცელებას პერსონალური მონაცემების სწორად დამუშავების კუთხით.

 

 

 

 

ანა (თბილისი) – სტატუსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი ჩემთვის არის დიდი გზის დასაწყისი, სადაც შევძლებ ავამაღლო საზოგადოებრივი ცნობიერება და გავხდე დიდი იდეის ნაწილი - ყველა ფლობდეს სათანადო ინფორმაციას საკუთარი უფლების შესახებ.

 

 

 

 

 

გიორგი (ქვემო ქართლი) –  „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები“ ჩემთვის საინტერესოა, რადგან ამ პროექტის ქვეშ გავერთიანდით ახალგაზრდები, რომლებსაც გვაქვს ერთი მიზანი - საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური მონაცემებისა და მისი უკანონო დამუშავებისგან თავის დაცვის ქმედითი ბერკეტების შესახებ.

 

 

 

 

რატომ უნდა გახდეთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი“?

2021 წელს განხორციელებული პროექტის მსგავსად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების“ მეორე ნაკადის ფარგლებში შერჩეულ ყველა მონაწილეს საშუალება ექნება:

  • სამსახურის თანამშრომლებთან ერთად იმუშაოს პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხზე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და აქტუალურ თემებზე;
  • განივითაროს კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარები;
  • გახდეს მოხალისე ტრენერი;
  • იზრუნოს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე;
  • მონაწილეობა მიიღოს არა მხოლოდ სამსახურის შეთავაზებულ აქტივობებში, არამედ თავად გახდეს მათი ინიციატორი და მიიღოს მხარდაჭერა, საკუთარი იდეების განხორციელებისთვის.

 

როგორ უნდა გახდე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი“?

2021 წლის 22 დეკემბრამდე, გადაიღე და ქვემოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე, შენს რეზიუმესთან ერთად  გამოგზავნე სამოტივაციო ვიდეო - თუ რატომ გინდა გახდე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩი“. გაიარე შესარჩევი ეტაპები წარმატებით და მონაწილეობა მიიღე პროექტში, რომელიც უნიკალურ გამოცდილებას გპირდება.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოქმედი სტუდენტი (ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური);
  • უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება;
  • უნდა იყოს აქტიური, ორგანიზებული და ჰქონდეს ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • უნდა ჰქონდეს სიახლეების დანერგვის მოტივაცია და ახალი იდეების ინიცირების უნარი;
  • დაინტერესებული უნდა იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებითა და სამსახურის საქმიანობით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა ელ. ფოსტაზე - elchebi@stateinspector.ge  უნდა წარმოადგინონ:

  • რეზიუმე (CV);
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მიმდინარე სემესტრში გაცემული ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ;
  • მიუთითონ მინიმუმ ერთი რეკომენდატორის სახელი, გვარი და საკონტაქტო ინფორმაცია;
  • თავიანთი ხედვა, როგორ წარმოუდგენიათ აღნიშნული პროგრამის განხორციელება (წერილობითი ფორმით, კონკრეტული მაგალითების საფუძველზე);
  • პროგრამაში მონაწილეობის მოტივაციის დასაბუთება (ვიდეო ჩანაწერის ფორმით).

 

საუკეთესო კანდიდატები გამოვლინდებიან განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების გზით  (გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად).

 

პროექტის საკონტაქტო პირი: ნინო გიგლემიანი

ელ-ფოსტა: ngiglemiani@stateinspector.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!