სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საქართველოს ინტერნეტმმართველობის მე-7 ფორუმში ჩაერთო
2021-12-03 09:58:19სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ინტერნეტმმართველობის რიგით მე-7 ფორუმში. ფორუმი 10 თემატური დისკუსიისგან შედგებოდა და მიზნად ისახავდა ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და პერსპექტივების განხილვას.
სამსახურის ინიციატივით, ფორუმის ფარგლებში დისკუსია გაიმართა თანამედროვე რეალობის ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, როგორიცაა - პანდემიით ინსპირირებული ინოვაციები და პერსონალური მონაცემების დაცვა.
COVID-19-ის პანდემია, საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის, სერიოზულ გამოწვევად იქცა. შექმნილი ვითარება და დაწესებული შეზღუდვები კი არსებით გავლენას ახდენს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების სრულყოფილ რეალიზებაზე როგორსაც პირადი ცხოვრების, განათლების უფლებები და ჯანდაცვის სექტორზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს.
სესიის ფარგლებში მოწვეულმა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მონაწილეებს საკუთარი ხედვა - განათლების, ჯანდაცვის სფეროებში, ბიზნესსა და კერძო სექტორში დანერგილი სიახლეების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გააცნეს. პანდემიით ინსპირირებული ინოვაციური ელექტრონული სისტემების განხილვის პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და აქტუალობას.
დისკუსიაში ჩართულნი იყვნენ: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სსიპ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და კომპანია Pulsar AI წარმომადგენლები.
საქართველოს ინტერნეტმმართველობის რიგით მე-7 ფორუმზე სხვა აქტუალურ სადისკუსიო საკითხებთან ერთად, დამოუკიდებელი სესია დაეთმო ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. რომლის ფარგლებშიც, აქცენტი ასევე გაკეთდა პერსონალური მონაცემების კანონიერი დამუშავებისა და დაცვის მნიშვნელობაზე.
ფორუმში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სახელით: ქეთევან კრაწაშვილი, სოფიო ჭარელი და ბექა ქენქაძე მონაწილეობდნენ.
საქართველოს ინტერნეტმმართველობის ფორუმი GeoIGF ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც 2015 წელს ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დაარსდა. ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან მრავალმხრივ პლატფორმას, რომელიც საჯარო, კერძო, არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო საზოგადოებას აერთიანებს.
ფორუმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მოცემულ ბმულს 👉🏻 https://igf.ge/