სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გამოცდილება ყაზახ კოლეგებს გაუზიარა

2021-12-02 09:56:01
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ყაზახეთის ციფრული განვითარების, ინოვაციებისა და საჰაერო-კოსმოსური ინდუსტრიის სამინისტროს ინფორმაციული უსაფრთხოების კომიტეტისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფისის წარმომადგენლებთან დისტანციური სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი ყაზახი კოლეგებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარება იყო.

შეხვედრაზე საუბარი უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ზედამხედველობის განხორციელების პროცესში არსებულ გამოწვევებს, საერთაშორისო თანამშრომლობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხებს შეეხო.

ყაზახეთი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში საკანონდებლო და ინტიტუციური მექანიზმის დანერგვაზე მუშაობს. შესაბამისად, ყაზახი კოლეგებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ინფორმაცია - სამსახურის განვითარების ეტაპების, მანდატის, სამართლებრივი ჩარჩოს, პრაქტიკული გამოწვევებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატების თაობაზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დაინტერესებულია სხვა ქვეყნის კოლეგა უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებით როგორც საერთაშორისო, ასევე რეგიონალურ დონეზე.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, ასევე იმსჯელეს სამომავლო ერთობლივი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობებზე და შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების მიზნით.