სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება
2021-11-07 02:10:112021 წლის 6 ნოემბერს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გასაჯაროვდა ფოტო და ვიდეომასალა.
ვიდეომასალაზე ასახულია საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პერსონალის გარემოცვაში. სამსახურის განცხადების თანახმად, ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილია მიხეილ სააკაშვილის მიერ, სხვადასხვა დროს, საკვებისა და ნატურალური წვენების მიღების ფაქტი, ხოლო ფოტომასალაზე ასახულია მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებული პროდუქტები.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო ზემოაღნიშნული ფოტომასალისა და ვიდეოჩანაწერის მოპოვებისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, შემოწმების დაწყების პარალელურად აღნიშნავს, რომ არსებითად მნიშვნელოვანია მოშიმშილე თავისუფლებააღკვეთილი პირის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა. თავისუფლებააღკვეთილ პირს უნდა ჰქონდეს ნდობა იმ დაწესებულებისა და სამედიცინო პერსონალის მიმართ, სადაც იგი იმყოფება და ვისგანაც იღებს სამედიცინო მომსახურებას. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მან თავი შეიკავოს სამედიცინო მომსახურების მიღებისაგან, სამედიცინო პერსონალისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებისაგან, რომლითაც საფრთხე ექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.