სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადება პირადობის დამადასტურებელი ორი მოწმობის მფლობელი მოქალაქის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ
2021-10-30 17:08:50
2021 წლის 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა გაავრცელა ინფორმაცია ერთ-ერთი მოქალაქის მიერ პირადობის დამადასტურებელი ორი მოწმობის ფლობისა და მის მიერ შესაძლო ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ხმის მიცემის ფაქტზე, რაც მისივე განცხადებით, წარმოადგენდა კანონმდებლობის დარღვევისა და სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებას. განცხადების ფარგლებში გასაჯაროვდა აღნიშნული მოქალაქის პერსონალური მონაცემებიც.
გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განმარტა მოქალაქის მიერ პირადობის დამადასტურებელი ორი დოკუმენტის ფლობისა და აღნიშნული ამომრჩევლის საარჩევნო სიაში ძველი გვარით დაფიქსირების მიზეზები - ქორწინების შედეგად გვარის შეცვლა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების მხრიდან ყოველთვის არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობა წარმოადგენს პერსონალური მონაცემების დამუშავების, მათ შორის, გასაჯაროების ერთ-ერთ საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საარჩევნო პროცესში გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე საზოგადოების ინფორმირება და საჯარო უწყების მიერ ასეთი სავარაუდო დარღვევების საპასუხოდ პერსონალური მონაცემების გასაჯაროება, როდესაც ეს ხდება საჯარო ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კანონიერი მიზნით, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად და იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად, კანონიერია.
ამის პარალელურად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს, ასევე, მედიასაშუალებებს, პატივი სცენ ადამიანების პირად ცხოვრებას და დაიცვან სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და მეორე მხრივ, საჯარო ინტერესის მქონე საკითხზე საზოგადოების ინფორმირების ლეგიტიმურ ინტერესს შორის. ამასთან, მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშაონ სამართლიანად და კანონიერად, მოქალაქეთა ღირსების შეულახავად, მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად.