სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იურისტებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების თემაზე ტრენინგი გაიარეს

2021-10-13 09:00:36
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის იურისტებისთვის ადმინისტრაციული სამართალდაღვევების საქმისწარმოების საკითხებზე 2 დღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის მიზანი პერსონალურ მონაცემთა შესაძლო კანონდარღვევით დამუშავების ფაქტებზე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცედურების განხილვა, სამსახურის ყოველდღიური საქმიანობის პროცესში წამოჭრილი პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტა და ამ მიმართულებით სასამართლო პრაქტიკის გაცნობა იყო.

ტრენინგი სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ - სოფიო ჯიაძემ, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში - მააიკე ვან კოლდამმა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორმა - გიორგი კლდიაშვილმა გახსნეს. 

ტრენინგს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძე და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ლექტორი მაია კოპალეიშვილი უძღვებოდნენ.

სასწავლო პროცესში პრაქტიკოსი მოსამართლეების ჩართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სამსახურის საქმიანობის პროცესში არსებული საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევების გადაჭრისა და სამსახურის სამომავლო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები: ადმინისტრაციული საქმისწარმოების პროცესში მტკიცების ტვირთი და სტანდარტი; სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტის დადგენისას ადმინისტრაციული სახდელების დადებისას და პასუხისმგებლობის გაქარწყლებისას გასათვალისწინებელი გარემოებები და სამართალდარღვევის ნორმის განჭვრეტადობა; ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებული გამოწვევები; სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე სასამართლო კონტროლი.

ტრენინგი, პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობითა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.