საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

2021-09-25 11:55:36
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარა. შეხვედრა GIZ-ის პროგრამის „მიგრაცია და დიასპორის“ ფარგლებში და კონსორციუმის (GOPA, ICMPD, PMCG) მიერ ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომზადებული საპილოტე ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა.
 ტრენინგის მიზანი ადამიანის უფლებათა საკითხებზე საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომლების (როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე) ცოდნისა და უნარების გაუმჯობესება იყო, რაც მომავალში მათ მიერ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების სხვა უფლებებთან ერთად, პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ეფექტიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. 

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო მათ შორის ისეთი საკითხები, როგორებიცაა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა, კანონმდებლობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი და პრაქტიკა. ტრენინგის ამ სესიას საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სოფიო შამუგია უძღვებოდა.
საჯარო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.