საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და სატელეფონო ნომრების გასაჯაროების კანონიერება

2021-09-20 09:54:05
2020 წლის 31 ოქტომბრის, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დღეს, მედიასაშუალებებით გავრცელდა სიუჟეტი, რომელიც შეეხებოდა კონკრეტულ საარჩევნო უბნებში გამოკრულ ამომრჩეველთა სიებში, ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და სატელეფონო ნომრების გასაჯაროებას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა პირადი ნომრების გასაჯაროების კანონიერება.

შესწავლის პროცესში საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სატელეფონო ნომრების საჯაროდ განთავსების ფაქტი არ დადასტურდა, თუმცა დადგინდა, რომ:

  • ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე კომისიის მდივანმა შეცდომით კედელზე გამოაკრა გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სია, პირადი ნომრების მითითებით;
  • გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა სია, რომელიც საარჩევნო კოდექსის შესაბამისად უნდა გასაჯაროვდეს, არ უნდა შეიცავდეს ამომრჩეველთა პირად ნომრებს. ამასთან, ამომრჩეველთა სიის, კენჭისყრის შენობებში თვალსაჩინო ადგილზე, გამოკვრის ვალდებულება ეკისრება კომისიის თავმჯდომარეს.

შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა სიები, პირადი ნომრების მითითებით, კანონდარღვევით გასაჯაროვდა, რაც ქმნიდა ამომრჩეველთა მონაცემების არამართლზომიერი გამოყენების საფრთხეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა გაფრთხილება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეკომენდაციაა, საარჩევნო პროცესში ჩართულმა ნებისმიერმა პირმა გამოიჩინოს სიფრთხილე ამომრჩეველთა მონაცემების მიმართ, განსაკუთრებით საარჩევნო სიების მიმართ, ვინაიდან მასში მოქალაქეთა დიდი მოცულობით მონაცემებია თავმოყრილი. აღნიშნული სია უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით.