სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაიას შეხვედრა უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარ ლუდმილა დენისოვასთან
2021-09-14 11:26:13სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარ ლუდმილა დენისოვას და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
შეხვედრის მიზანი უკრაინის კოლეგა უწყებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და გამოცდილების გაზიარება იყო.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები და უკრაინის ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომისრის წარმომადგენლები პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით.
შეხვედრაზე საუბარი ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ჭრილში ,,პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ” ევროსაბჭოს 108+ კონვენციის ხელმოწერასა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას შეეხებოდა.
უკრაინის დელეგაცია განსაკუთრებით დაინტერესდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებით, საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიზნით გადადგმული ნაბიჯებით, საჯარო და კერძო სექტორთან ურთიერთობის გამოცდილებით და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების“ პროექტით.
შეხვედრაზე ლონდა თოლორაიამ ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის საერთო გამოწვევებს და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ანალოგიური გამოწვევების წინაშე მდგარ ქვეყნებთან და კოლეგა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა: ,,ჩვენ, ორივე ქვეყანა მივისწრაფვით ევროკავშირისკენ და ჩვენს უწყებებს აქვთ მისი წილი პასუხისმგებლობა ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
ჩვენ ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა და პრაქტიკა იყოს ევროსტანდარტების შესაბამისი და არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისთვის, რომ მალე მოეწეროს ხელი ევროსაბჭოს 108+ კონვენციას” - აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.
უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ სახელმწიფო ინსპექტორს მადლობა გადაუხადა მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
,,საქართველო არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ძალიან გვაინტერესებდა თქვენი გამოცდილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით. საქართველოში არის ცალკე სახელმწიფო ორგანო რომელიც ამ საკითხებზე ზრუნავს და ძალიან გვაინტერესებდა როგორ მუშაობს ეს სამსახური” - განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დღის განმავლობაში თემატური შეხვედრები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან გაგრძელდება.სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისს შორის მემორანდუმი 2020 წელს გაფორმდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ერთობლივ ძალისხმევას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების, საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერის გაძლიერებისა და წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით.