სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დამტკიცებული პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ახალი წესი ძალაში 15 სექტემბრიდან შევა 

2021-09-14 10:05:02

სახელმწიფო ინსპექტორმა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2021 წლის 15 სექტემბრიდან შევა ძალაში.

დოკუმენტით მოწესრიგებულია: პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავებასთან დაკავშირებით მოქალაქეთა განცხადებების განხილვის პროცედურები; პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, გეგმური და არაგეგმური შემოწმებების წინაპირობები და მათ ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები; მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმების პროცესში სამსახურის თანამშრომელთა მიერ მტკიცებულებების მოპოვებისა და შესწავლის წესები, ასევე, სამსახურის მიერ გასატარებელი სხვა ღონისძიებები; შესწავლის პროცესში განმცხადებლის, მონაცემთა დამმუშავებლების/უფლებამოსილი პირების, დაინტერესებული და მესამე პირების, ასევე, სამსახურის თანამშრომელთა უფლებები და ვალდებულებები. 

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ახალი წესის შემუშავების პარალელურად, ასევე განახლდა მოქალაქის მიერ თავისი პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებასთან დაკავშირებით, სამსახურისთვის წარმოსადგენი განცხადების ფორმა.

ახალი წესი მოქალაქეს გაუმარტივებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან კომუნიკაციას, უფრო ნათელს და გამჭვირვალეს გახდის სამსახურის მიერ მონაცემთა დამუშავების პროცესს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამსახურში მიმდინარე პროცესებს და ხელს შეუწყობს სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ახალი წესის პრაქტიკაში ეფექტურად დანერგვის მიზნით, ევროპული საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, სამსახურის თანამშრომლებმა ორდღიანი გადამზადება გაიარეს.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის ახალი წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://newadmin.personaldata.ge/wp-content/uploads/2021/09/პერსონალურ-მონაცემთა-დამუშავების-კანონიერების-შესწავლის-წესი.pdf 

მოქალაქის მიერ თავისი პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავებასთან დაკავშირებით, სამსახურისთვის წარმოსადგენი განცხადების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://personaldata.ge/ka#upload-statement-block