პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა გამოკითხვის მიზნით სატელეფონო ნომრების მოპოვება
2021-09-10 09:48:39მოქალაქეთა მომართვების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა მობილური ტელეფონის ნომრების მოპოვების კანონიერებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების საკითხი.
შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ:
- პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ მოქალაქეებთან დაკავშირება ხდებოდა გამოკითხვის ჩატარების მიზნით;
- პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, როგორც წესი, მოქალაქეთა მობილური ტელეფონის ნომრებს მოიპოვებდნენ ინტერნეტ ვებგვერდებიდან ან/და სოციალური ქსელებიდან. ასევე, მათი სახელის და გვარის მოპოვებისას იყენებდნენ საჯაროდ ხელმისაწვდომი მობილურ აპლიკაციას, სადაც სხვადასხვა ციფრების ცხრა ნიშნა კომბინაციის მითითებით ხელმისაწვდომი ხდებოდა სატელეფონო ნომრის მფლობელის ვინაობა;
- ამომრჩეველთა მხრიდან დაინტერესების შემდგომ, რიგ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები განუმარტავდნენ მოქალაქეებს, რომ მათი პერსონალური მონაცემები მოპოვებული იყო „მონაცემთა ბაზიდან“, რაც მონაცემთა სუბიექტების (ამომრჩევლების) ინფორმირების ნაცვლად, იწვევდა ბუნდოვანებას მათი ტელეფონის ნომრების მოპოვების წყაროსთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ინფორმაციის მიღება მონაცემთა სუბიექტის უფლებაა, პოლიტიკური პარტია სათანადოდ არ აწვდიდა ამ ინფორმაციას ამომრჩეველს და ვერ მიუთითებდა წყაროებს, რაც მოქალაქეებს უჩენდა ეჭვს მონაცემთა მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით;
- პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მიღებული სათანადო მითითებები, ინსტრუქციები, რომელთა დაცვაც უზრუნველყოფდა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების დარღვევის პრევენციას.
გამოკითხვის ჩატარებისას ამომრჩეველთა სრულყოფილად ინფორმირების უზრუნველსაყოფად, პოლიტიკურ პარტიას დაევალა, პარტიის წარმომადგენლების მიერ გამოკითხვის ჩატარების მიზნით პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და მოპოვებული ინფორმაციის (რა მონაცემი იქნა მოპოვებული, როდის, რა გზით, საფუძვლითა და მიზნით) აღრიცხვის წერილობითი წესისა და პროცედურის დანერგვა. ასევე, ასევე, პოლიტიკურ პარტიას დაევალა, ამომრჩეველთა გამოკითხვის ჩატარების წესის შემუშავება, რომლითაც განისაზღვრებოდა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხები, მათ შორის, რა სახის ინფორმაცია უნდა შეგროვდეს სატელეფონო გამოკითხვის პროცესში, როგორ უნდა მოხდეს მიღებული ინფორმაციის აღრიცხვა, რა ინფორმაცია უნდა მიეწოდოთ მოქალაქეებს გამოკითხვის ჩატარებამდე და სხვა.
გამოვლენილი გარემოებების გათვალისწინებით, პოლიტიკურმა პარტიებმა, ამომრჩეველთა გამოკითხვისას, პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავების პრევენციის მიზნით, უნდა მიიღონ შემდეგი ზომები:
- გამოკითხვის მიზნებისთვის, ამომრჩეველთა მონაცემები უნდა მოიპოვონ მხოლოდ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლ(ებ)ის არსებობის პირობებში და ამავე კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით;
- მონაცემთა დამუშავებისას, მოთხოვნის შემთხვევაში, ამომრჩევლებს მიაწოდონ ინფორმაცია მათი, როგორც მონაცემთა სუბიექტების მონაცემების დამუშავებაზე: საიდან მოიპოვეს მონაცემები, რომელი ორგანიზაცია აგროვებს მათ და რა მიზნით, სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემების მიწოდება, რომელი სამართლებრივი საფუძვლით მუშავდება ინფორმაცია, გადაეცემა თუ არა მონაცემები მესამე პირებს და ა.შ.;
- შეიმუშაონ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას ამომრჩეველთა მონაცემების დამუშავების მარეგულირებელი დეტალური წესები/ინსტრუქციები;
- აამაღლონ საარჩევნო პროცესში ჩართულ პარტიის წარმომადგენელთა ცნობიერება.
ამომრჩევლებმა, როგორც მონაცემთა სუბიექტებმა უნდა იცოდნენ, რომ უფლება აქვთ:
- პოლიტიკურ პარტიებს არ გაუზიარონ საკუთარი მონაცემები, თუ არ აქვთ ამის სურვილი;
- მოითხოვონ ინფორმაცია მათი მონაცემების დამუშავების, მათ შორის მონაცემთა შეგროვების წყაროს შესახებ.