პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა გამოკითხვის ფარგლებში აუდიოჩაწერა, ფოტოგადაღება და გამოკითხვის დოკუმენტების შედგენა

2021-09-07 09:44:37
2020 წელს წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ფლობდა მოქალაქეთა გამოკითხვის ფარგლებში შეგროვებულ ხმოვანი გამოკითხვის 750 000-ზე მეტ აუდიოჩანაწერს, ასევე, ამომრჩეველთა გამოკითხვის თითქმის 1 200 000 ფურცელს, რომლებშიც ფიქსირდებოდა რესპონდენტის სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი, პროფესია, ინფორმაცია პოლიტიკური შეხედულებების შესახებ  და სხვა. პარტია, აგრეთვე ფლობდა კონკრეტული რესპონდენტების 10 000 ფოტოსურათს, სადაც ისინი ასახულნი იყვნენ გამოკითხვის ანკეტით ხელში. პოლიტიკური პარტიის განმარტებით, ყველა აღნიშნული ინფორმაცია და დოკუმენტაცია გადაეცემოდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, რომლითაც პარტია ცდილობდა საკუთარი ინტერესების დაცვას და გამოკითხვის შედეგების დადასტურებას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა გამოკითხვის ფარგლებში რესპონდენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერება, მათ შორის, მოპოვებული მონაცემების დასაცავად მიღებული უსაფრთხოების ზომები და მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების საკითხები.

შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ:

  • მოქალაქეთა გამოკითხვის ფურცელში მითითებული იყო მათი საიდენტიფიკაციო მონაცემები, ასევე მათი პოლიტიკური შეხედულების შესახებ ინფორმაცია. ვინაიდან პირის პოლიტიკური შეხედულების შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემია, კანონმდებლობის თანახმად, მის მოსაპოვებლად საჭიროა პირის წერილობითი თანხმობა. დადგინდა, რომ პარტიას არ ჰქონდა ასეთი კატეგორიის მონაცემების დამუშავების კანონით გათვალისწინებული საფუძველი;
  • პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებული მიზნის - პარტიისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების მოსაზრებების გაგება და გამოკითხვის ნამდვილობის დადასტურება - მისაღწევად რესპონდენტთა მონაცემების ამ მოცულობით (მაგალითად, რესპონდენტის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი) დამუშავების საჭიროება არ არსებობდა და ეს შესაძლებელი იყო რესპონდენტთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების დამუშავების გარეშეც;
  • პოლიტიკურმა პარტიამ რესპონდენტებთან სატელეფონო საუბრების ამსახველი აუდიოჩანაწერები, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გადასცა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს პარლამენტს და საქართველოში ერთ-ერთი სახელმწიფოს საელჩოს.

შესწავლით დადგინდა, რომ პოლიტიკურმა პარტიამ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 (მონაცემთა დამუშავების პრინციპები), მე-6 (განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლები) და 41-ე (მონაცემთა სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) მუხლებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით დაამუშავა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემები. პოლიტიკური პარტია ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა. ამასთან, პარტიას დაევალა გამოკითხვის ფარგლებში ნაწარმოები პერსონალური მონაცემების შემცველი როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული სახით არსებული ყველა მასალის (მათ შორის, აუდიოჩანაწერების) წაშლა (განადგურება).

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეკომენდაციაა, პოლიტიკურმა პარტიამ მონაცემები დაამუშაოს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც საჭიროა კანონიერი მიზნებისთვის და წაშალოს ისინი ამ მიზნის მიღწევის შემდგომ.

ამომრჩევლებმა, როგორც მონაცემთა სუბიექტებმა უნდა იცოდნენ, რომ უფლება აქვთ:

  • მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა გამოხატონ მხოლოდ ნებაყოფლობით, ხოლო თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, იცოდნენ რა მიზნით მუშავდება მათი მონაცემები;
  • პოლიტიკურ პარტიებს მოსთხოვონ უკანონოდ მოპოვებული მათი მონაცემების დამუშავების შეწყვეტა.