პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ესეების კონკურსში გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

2021-08-19 14:10:46

პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე 15 საუკეთესო ესეს ავტორი გამოვლინდა.  გამარჯვებულ სტუდენტებს სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ სოფიო ჯიაძემ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)- აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა გადასცეს.

კონკურსი მიმდინარე წლის 14 მაისს გამოცხადდა და მისი მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობა იყო.

განხორციელებული კონკურსის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებმა  ნაშრომები მოამზადეს და  საკუთარი ხედვა წარმოადგინეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვა, ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დაცვა, სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება, მობილური აპლიკაციების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება, მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები, პერსონალური მონაცემების დამუშავება მედია საშუალებების მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. 

სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან წარმოდგენილ 60 კონკურსანტს შორის საუკეთესო მონაწილეები სახელმწიფო  ინსპექტორის სამსახურისა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ის (IDFI) წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებულმა ორმხრივმა  კომისიამ გამოავლინა. შედეგად 15 შერჩეული ესე ელექტრონული ჟურნალის სახით გამოიცემა. ამასთან, დასახელდა 3 საუკეთესო ნაშრომის ავტორი:

 

🥇I ადგილი - ნათია მეფარიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

ესეს თემა: სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება.

 

II ადგილი - თამარ მეხრიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი.

ესეს თემა: მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები.

 

III ადგილი - მარიამ გიორგაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი.

ესეს თემა: სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება.

 

აღსანიშნავია, რომ  თემის მომზადების პროცესში კონკურსანტებს აქტიურ მხარდაჭერას უწევდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის  პროექტის ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები”-ს მონაწილეები.

კონკურსი სტუდენტებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ის (IDFI) მიერ, საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სტუდენტებისა და ახალგაზრდების  ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.