პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩებმა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები გამართეს

2021-08-16 10:40:33
პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩებმა 150-მდე სტუდენტსა და სკოლის მოსწავლესთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრები სამცხე-ჯავახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში გაიმართა და ორიენტირებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებაზე, მათთვის საკუთარი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის გაცნობაზე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩებმა შეხვედრებზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვა, მონაცემთა კანონიერი დამუშავება და მათი არაკანონიერი მოპოვების, გამოყენების, გავრცელების ან სხვაგვარი დამუშავების გავლენა ახალგაზრდების ცხოვრებაზე, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილება და სხვა. 

სტუდენტებთან და სკოლის მოსწავლეებთან გამართულ 6 საინფორმაციო შეხვედრას, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში ჩატარდა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები დონარი ლონდარიძე და თამარ ჟვანია უძღვებოდნენ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განხორციელებული ღონისძიებები არასამთავრობო ორგანიზაციების „ჩვენ განათლებისთვის“ და „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის ოფისის მიწვევით ჩატარდა.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში. სწორედ ამ მიზნით დაიწყო სამსახურმა 2020 წელს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების“ პროექტი, რომლის ფარგლებში სამსახურის მიერ, კონკურსის საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან 20-მდე სტუდენტია შერჩეული. ახალგაზრდა ელჩების მონაწილეობით ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები პერიოდულად იმართება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.