პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საზაფხულო სკოლა ჩატარდა

2021-08-11 09:45:03
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ინიციატივით პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სტუდენტებისთვის  საზაფხულო სკოლა ჩატარდა. საზაფხულო სკოლის მიზანს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სტუდენტების ცნობიერების ამაღლება, სფეროში ახალგაზრდების როლის გააქტიურება და მათი განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების საელჩოსა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით განხორციელდა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში. პრაქტიკულად ჩაერთვნენ არსებულ გამოწვევებზე მსჯელობასა და კაზუსების განხილვაში. აღნიშნულმა ფორმატმა მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა მიეღოთ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ უშუალოდ განეხილათ და გადაეწყვიტათ სამსახურის პრაქტიკასთან ახლოს მდგომი კონკრეტული შემთხვევები.

ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: პირადი ცხოვრების უფლება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მანდატი, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები; მონაცემთა უსაფრთხოება და სუბიექტის უფლებები; პერსონალური მონაცემების დაცვა ვიდეოთვალთვალის, პირდაპირი მარკეტინგისა და შრომითი ურთიერთობების პროცესში; პანდემიის პირობებში პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული გამოწვევები და სხვა აქტუალური თემები.

საზაფხულო სკოლის შესარჩევი კონკურსი 2021 წლის 10 ივლისს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის მე-3, მე-4 კურსის და მაგისტრატურის 200-მდე სტუდენტებმა მიიღო. განაცხადების გადარჩევისა და გასაუბრების შედეგად  სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან 20 საუკეთესო მონაწილე შეირჩა. საზაფხულო სკოლის მონაწილეები წარმოდგენილი იყვნენ როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.

საზაფხულო სკოლა სახელმწიფო ინსპექტორმა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნეს. დამსწრე საზოგადოებას ვიდეო მიმართვის გზით ასევე, მიესალმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში - მაიკე ვან კოლდამი. საზაფხულო სკოლის ფარგლებში სხვადასხვა სესიებს უძღვებოდნენ: სამსახურის წარმომადგენლები - სალომე ქურასბედიანი და ლილი ტანიაშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) წარმომადგენელი - ქეთი კუკავა და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი - პაატა ტურავა. ამასთან, საზაფხულო სკოლაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამსახურის

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩების პროექტის“ მონაწილე ელჩები - დონარი ლონდარიძე, ლუკა ხალაძე და ქეთევან ქოჩიაშვილი.

სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. სკოლის მონაწილე სტუდენტებმა ასევე იმსჯელეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში მათ აქტიურ ჩართულობაზე.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლა მიმდინარე წლის 2-7 აგვისტოს ჩატარდა. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში მაქსიმალურად იყო დაცული კოვიდ-რეგულაციებით გათვალისწინებული  უსაფრთხოების ნორმები.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების ცნობიერების ამაღლებასა და განვითარებაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.