სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს 3 რეგიონში შეხვედრები გამართა
2021-06-29 12:58:45
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ადგილობრივი საჯარო უწყებების, სასამართლო კორპუსისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ქვეყნის 3 რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების ციკლი ქ. ბათუმიდან დაიწყო და ქ. ზუგდიდსა და ქ. ქუთაისში გაგრძელდა.
შეხვედრებზე აქტიურად განიხილეს პერსონალური მონაცემების დაცვისა და საგამოძიებო მიმართულებით არსებული ტენდენციები, ადგილობრივი საჭიროებების გადაჭრისა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
მიმდინარე შეხვედრების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მიმართულებების ხელმძღვანელმა პირებმა მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებისა და სტატისტიკური მონაცემების შესახებ. სამსახურის საქმიანობის მანდატიდან გამომდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს რეგიონისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ჭრილში. იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებსა და კოორდინირებული საქმიანობის მნიშვნელობაზე.
რეგიონული შეხვედრების ციკლი ევროპის საბჭოს პროექტის „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)“ მხარდაჭერით ხორციელდება. საჯარო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც მნიშვნელოვანია კოორდინირებული საქმიანობისა და დარღვევების პრევენციისთვის. დარჩენილ 4 რეგიონში ადგილობრივი შეხვედრები მიმდინარე წლის სექტემბრიდან განახლდება და ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს.