სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საჯარო ლექცია ჩაუტარა

2021-06-25 17:21:18
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და თანამშრომლებს საჯარო ლექცია ჩაუტარა. შეხვედრა სასწავლო უნივერსიტეტის მომართვის საფუძველზე განხორციელდა.

სასწავლო დაწესებულებები დაკისრებული ფუნქციების შესრულებისა თუ სტუდენტებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით, დიდი მოცულობით პერსონალურ მონაცემებს ამუშავებენ. შესაბამისად, საჯარო ლექციის ფარგლებში მიღებული ცოდნა მონაწილეებს ყოველდღიურ საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფასა და დარღვევების პრევენციაში დაეხმარებათ.  

საჯარო ლექცია ეხებოდა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებს. საჯარო ლექციის ფარგლებში, მსმენელებს ინფორმაცია მიეწოდათ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონით დადგენილი მოთხოვნებისა და სამსახურის პრაქტიკის შესახებ.

შეხვედრას უძღვებოდნენ კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტი უფროსის მოადგილე არჩილ ჯაველიძე და იურისტი ლიკა ტანიაშვილი.

საჯარო ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, ლექციის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.