სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორს შეხვდა

2021-06-19 12:01:58
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოადგილე სოფიო ჯიაძე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორს ვანო ბოლქვაძეს შეხვდა. შეხვედრას სამსახურების სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრის მიზანს ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების დაძლევის მიზნით კოორდინირებული საქმიანობა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება წარმოადგენდა.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ასევე წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მათ შორის, მოსამართლეებისა და სასამართლოს სხვა მოხელეების, ასევე ერთობლივი ჯგუფებისათვის - სასწავლო პროგრამების განხორციელების, არსებულ გამოწვევებსა და აქტუალურ საკითხებზე სამუშაო შეხვედრების ორგანიზების, ერთობლივი ანალიტიკური საქმიანობისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადების გზით.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში წარმოდგენილი საკითხების მნიშვნელობას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და იუსტიციის უმაღლესი სკოლის მხრიდან გამოითქვა სრული მზაობა დაიწყოს მუშაობა ერთობლივი სასწავლო პროგრამების მომზადების, დანერგვისა და გაძლიერების მიზნით. ასევე, განხორციელდეს სამუშაო შეხვედრები პრაქტიკაში არსებულ აქტუალურ საკითხებზე მოსაზრებების გასაცვლელად.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის ეფექტიანი თანამშრომლობა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, პერსონალური მონაცემების დაცვა, წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების აკრძალვა.