მიგრაციის მართვის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობის კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა
2021-06-18 19:23:41მიგრაციის მართვის პროცესში დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემები მუშავდება. შესაბამისად, მსგავსი ხასიათის კვლევები ხელს უწყობს სფეროში არსებული გამოწვევების, საჭიროებებისა და გადადგმული ნაბიჯების სწორად შეფასებას. რაც მნიშვნელოვანია, სამომავლო სამოქმედო გეგმის განსაზღვრისა და მიზნობრივი ღონისძიებების გასატარებლად.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ხასიათის კვლევა საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა. 2020 წლის პროგრესის ანგარიშის მიზანია მიგრაციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო, ინსტიტუციური და პრაქტიკული ცვლილებების მიმოხილვა და საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა.
ანგარიშში აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მნიშვნელოვანი როლი და გავლენა მიგრაციის სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებისა და სწორი პრაქტიკის დანერგვის მიმართულებით.
მიგრაციის მართვის პროცესში ჩართული ორგანიზაციებისთვის, დოკუმენტი ასევე მოიცავს რეკომენდაციებს სფეროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაუმჯობესების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე.
კვლევა მომზადებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტის, თამარ ქალდანის მიერ.