სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საჯარო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომუშავე პირებთან შეხვედრა გამართა
2021-06-11 16:16:21დისტანციური შეხვედრა, რომელსაც სხვადასხვა საჯარო უწყების 60-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით, სამომავლო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაზრდის მიზნით განხორციელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის პრიორიტეტულია პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით საჯარო მოსამსახურეების მხარდაჭერა, ასევე - პრობლემური საკითხების ეფექტიანი და სწრაფი გადაწყვეტისთვის კომუნიკაციის მოქნილი სისტემის არსებობა.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე. ამასთან, ყურადღება გამახვილდა საჯარო სექტორში არსებულ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა: მონაცემთა ბაზების უსაფრთხოება, ვიდეოთვალთვალის განხორციელება და საჯარო ინფორმაციის გაცემისას მონაცემთა დაცვის საკითხები. ღონისძიების დასკვნით ნაწილში მონაწილეებმა საჯარო უწყებების საჭიროებებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
ღონისძიება იმ აქტივობების ნაწილია, რომელსაც სამსახური გეგმავს პერსონალური მონაცემების დასაცავად საჯარო უწყებებში ინფორმირებული, მომზადებული საჯარო მოსამსახურეების ქსელის შესაქმნელად. სამსახური მიესალმება საჯარო უწყებების მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობით ჩართულობას, უწყებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მომუშავე პირების გამოყოფასა და სამომავლო თანამშრომლობისთვის გამოხატულ მზაობას.
საჯარო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პროცესში არსებული პრობლემების პრევენციას, უწყებებსა და სამსახურს შორის სწრაფ კომუნიკაციასა და საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების გატარებას.