სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
2021-06-10 12:43:04
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრ ორგანიზაციებთან და იურიდიული კომპანია JG Counselors-თან პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე შეხვედრა გამართა. შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, თომას კიმმესვენგერმა გახსნეს. შეხვედრის მიზანს კერძო სექტორში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლება და მონაცემთა დამუშავების პროცესში შესაძლო დარღვევების პრევენცია წარმოადგენდა.
შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორმა კერძო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევები განიხილა და ისეთ აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა: მონაცემების დამუშავება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მონაცემთა დამუშავება ონლაინ/დისტანციური მომსახურების გაწევისა და შრომით ურთიერთობებში; ასევე, მონაცემთა უსაფრთხოებასთან და მომხმარებლების მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული უფლებების ეფექტური რეალიზების საკითხები.
გარდა აღნიშნულისა, მონაწილეები გაეცნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებსა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის მიმართულებით სამსახურის სამომავლო გეგმებს.
შეხვედრას 40-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. მონაწილეებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, როგორც ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაკონტროლებელი უწყება, დაინტერესებულია მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებით როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში. ანალოგიური შეხვედრები და კოორდინაციის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მონაცემთა უსაფრთხოების დაცვას, მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონთან შესაბამისობას და დარღვევების პრევენციას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიესალმება კერძო სექტორიდან წამოსულ ინიციატივებს და მომავალშიც მზად არის აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად.