სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა
2021-06-09 19:17:44
სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა. შეხვედრის მიზანი უწყებებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის კიდევ უფრო გაძლიერება იყო.
შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილეები გიორგი გამეზარდაშვილი და სალომე ბახსოლიანი, ასევე, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესში არსებული გამოწვევები.
მხარეების მიერ ხაზგასმული იქნა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და იუსტიციის სამინისტროს როლის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით უწყებებს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის საჭიროება.
სახელმწიფო ინსპექტორი და იუსტიციის მინისტრი შეთანხმდნენ ერთობლივად გასატარებელ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის კიდევ უფრო ამაღლებას, ასევე, მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ამ კატეგორიის დანაშაულებზე გამოძიების ეფექტიანად წარმართვას.