სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მონაცემთა დაცვის საკითხებზე საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გადაამზადა

2021-06-08 10:41:43
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თემაზე ლექცია გამართა. სწავლება, მომავალი კონსულების მოსამზადებელი პროგრამის ფარგლებში, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მომართვის საფუძველზე განხორციელდა.
სამსახურის მიერ საჯარო მოხელეების აქტიური გადამზადების მიზანი მათი კვალიფიკაციის ამაღლების გზით, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაა. 

პროგრამის ფარგლებში მონაცემთა დაცვის ინსტრუმენტები განხილული იყო როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ ჭრილში. მათ შორის, მსმენელები გაეცნენ მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, მონაცემთა დამუშავების ძირითად პრინციპებსა და წესებს, ევროპული სამართლებრივი სისტემის ძირითად ინსტრუმენტებს - ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციასა და მონაცემთა დაცვის ზოგად რეგულაციას (GDPR). კურსის მონაწილეებთან დეტალურად იქნა გაანალიზებული სამსახურის საქმიანობის ფარგლებში არსებული მნიშვნელოვანი პრაქტიკა და რეკომენდაციები.
დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს მიღებული ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მაღალი სტანდარტის დაცვასა და დარღვევების პრევენციაში დაეხმარებათ.
კურსის ფარგლებში მომზადება საგარეო საქმეთა სამინისტროს 25-მდე წარმომადგენელმა გაიარა. სასწავლო პროცესს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების, ანალიტიკის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამანეტის საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლებრივ საკითხთა კოორდინატორი - მარიამ ელყანაშვილი უძღვებოდა.
საჯარო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.