სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებთან შეხვედრა გამართა
2021-06-05 22:45:30
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შრომითი ურთიერთობების პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრ 50-მდე კომპანიასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის მომართვის საფუძველზე განხორციელდა და მის მიზანს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დამსაქმებლების ცნობიერების ამაღლება და დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის ამაღლება წარმოადგენდა.
ღონისძიების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა შრომით ურთიერთობებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობასა და ძირითად საკანონდებლო მოთხოვნებზე. მონაწილეთა ინტერესის გათვალისწინებით, მონაცემთა დამუშავების შემთხვევები განხილულ იქნა „საქართველოს შრომის კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების თანმდევი გამოწვევების ჭრილში. მონაწილეები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხრიდან გაეცნენ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხსა და რეკომენდაციას, რომელთა დაცვაც დამსაქმებლებს შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავებისათვის მოეთხოვებათ.
ღონისძიება ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. მონაწილეებმა დასვეს კითხვები და იმსჯელეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე. შეხვედრას უძღვებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, არჩილ ჯაველიძე და კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი, ნინო ქათამაძე.
დამსაქმებლები საქმიანობის პროცესში დიდი მოცულობის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს ამუშავებენ. შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე მათი ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასაქმებულების პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტს და ხელს შეუწყობს დამსაქმებელთა მხრიდან ერთიანი პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას.