სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
2021-06-04 10:39:35სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ ანა ჩერნიშოვას ინფორმაცია მიაწოდა გასული წლის მიღწევებისა და გატარებული რეფორმების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის მიღების მნიშვნელობასა და აღნიშნულ სფეროში მაღალი სტანდარტის დასამკვიდრებლად გასატარებელ ღონისძიებებს.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის საქმიანობა. ასევე, აღნიშნა, რომ ტექნოლოგიური განვითარებიდან გამომდინარე ყოველდღიურად იზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალობა და სამსახურის როლი ამ პროცესში. ამასთან, პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა განხილული იყო ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვისა და გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრის ჭრილში.
ანა ჩერნიშოვამ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ფუნდამენტურ როლზე და სახელმწიფო ინსპექტორს სამომავლო ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) სამსახურის ამოქმედების პირველი დღიდან უწყების ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია, რომლის მხარდაჭერითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღიარებს გაეროს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვან როლს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა სტანდარტის ამაღლების პროცესში და სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ერთობლივი ძალისხმევის გასაძლიერებლად.