სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარა
2021-05-31 13:02:40
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის სამსახურის ახლად დანიშნულ რეგიონულ კოორდინატორებს ტრენინგი ჩაუტარა. გადამზადების კურსში სამინისტროს 15-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში დიდი მოცულობით ამუშავებს პერსონალურ და განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.
შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტს, თანამშრომელთა მიერ ყოველდღიური საქმიანობის პროცესში მოახდენს დარღვევების პრევენციას და ხელს შეუწყობს ერთიანი პოლიტიკის გატარებას.
ტრენინგის ფარგლებში ხაზგასმული იყო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით პერსონალური მონაცემების დამუშავების პრობლემური საკითხები და შესაბამისი რეკომენდაციები. მსმენელებთან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ პროცესში კონფიდენციალობის დაცვასა და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების სწორად დამუშავების მნიშვნელობაზე. ასევე, განიხილეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკა და პრეცედენტული გადაწყვეტილებები.
ტრენინგი ევროპის საბჭოს პროექტის - „არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა” - ფარგლებში განხორციელდა. სასწავლო პროცესს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი ჯონი ჩონიაძე უძღვებოდა. ტრენინგი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა, მონაწილეებმა დასვეს კითხვები და იმსჯელეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აქტიურად მუშაობს სამართალდამცავ სექტორში მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესებაზე. საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მიზნობრივ უწყებებთან თანამშრომლობით, სამსახური შესაბამისი ჯგუფების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.