სახელმწიფო ინსპექტორმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებზე მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გახსნა
2021-05-28 14:16:07ლონდა თოლორაიამ სიტყვით გამოსვლის დროს ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღეს საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით არსებობს, მათ შორის, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიღებისა და ევროპის საბჭოს პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ მოდერნიზებული კონვენციის (108 +) ხელმოწერის მნიშვნელობაზე.
ლონდა თოლორაიამ, ასევე ხაზგასმით აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რაც ყოველწლიურად შესამჩნევია კერძო და საჯარო სექტორში პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით. სახელმწიფო ინსპექტორმა უწყების სახელით მზაობა გამოხატა როგორც საერთაშორისო, ასევე სამოქალაქო, კერძო, თუ საჯარო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გასაგრძელებლად.
ანგარიში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ექსპერტის თამარ ქალდანის მიერ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მომზადდა.მომზადებულ ანგარიშში საუბარია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიც არის: პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიღების მნიშვნელობა, ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების, მათ შორის, უპირველესად 108+ კონვენციის ხელმოწერისა და რატიფიცირების აუცილებლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის როლი, 2020 წელს განხორციელებული ღონისძიებები, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, საარჩევნო პროცესში მონაცემთა დამუშავება და სხვა აქტუალური საკითხები.
ღონისძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა საჯარო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ამ მიმართულებით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას აქტიურად გააგრძელებს. ანალოგიური ტიპის პუბლიკაციები ქვეყანაში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აქტუალიზებას.