სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ნიკა გვარამიას და თეა წულუკიანის სატელეფონო ნომრების გასაჯაროების კანონიერების შემოწმება დაასრულა
2021-05-21 15:17:192021 წლის 02 თებერვალს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ - თეა წულუკიანმა, საპარლამენტო დებატების დროს, საჯაროდ გააჟღერა შპს „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მობილური ტელეფონის ნომერი.
აღნიშნულის შემდგომ, ამავე დღეს, სოციალური ქსელის „ფეისბუქის“ საშუალებით ჟურნალისტებმა ელისო კილაძემ და ნანა (ნანუკა) ჟორჟოლიანმა გაასაჯაროვეს საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის - თეა წულუკიანის მობილური ტელეფონის ნომერი.
შემოწმების ფარგლებში, სამსახურის მიერ თეა წულუკიანს, ელისო კილაძეს და ნანა (ნანუკა) ჟორჟოლიანს ეთხოვათ ინფორმაციის წარმოდგენა როდის, რა გზით და რა მიზნით მოიპოვეს მათ მიერ გასაჯაროებული ტელეფონის ნომრები და ასევე, რომელი სამართლებრივი საფუძვლითა და მიზნით გაასაჯაროვეს ისინი. ელისო კილაძემ და ნანუკა ჟორჟოლიანმა სამსახურს წარმოუდგინეს მოთხოვნილი ინფორმაცია. თეა წულუკიანმა სამსახურს ინფორმაცია არ მოაწოდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის გასაჯაროების კანონიერების შეფასების მიზნით, მოიძია სხვადასხვა წყაროების საშუალებით ნ. გვარამიას შესახებ გასაჯაროებული ინფორმაცია. დადგინდა, რომ ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი ხელმისაწვდომია საჯარო წყაროებში.
სამსახურმა ასევე გაანალიზა ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციები, სასამართლო პრაქტიკა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან და საჯარო პირის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იქნა მიღებული ტელეფონის გამსაჯაროებელი პირისა და ტელეფონის ნომრის მფლობელის სტატუსი, გასაჯაროებული მონაცემების ხასიათი, პარლამენტის საქმიანობის მარეგულირებელი და პარლამენტის წევრის სტატუსთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები.
იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის წევრი სარგებლობს იმუნიტეტით და მას უფლებამოსილების განხორციელებისას მინიჭებული აქვს გამოხატვის თავისუფლების ფართო ფარგლები, მისი მხრიდან სადეპუტატო საქმიანობის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროება ვერ გახდება საპარლამენტო იმუნიტეტის შეზღუდვის საფუძველი. პარლამენტის წევრებისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მინიჭების მიზანი არის ის, რომ მათ მიეცეთ მნიშვნელოვან დებატებში მონაწილეობის მიღების საშუალება მათზე დაკვირვებების, შეზღუდვების ან მოსაზრებების რედაქტირების, ასევე, სასამართლოს ან სხვა ამგვარი ორგანოს წინაშე წარდგენის საშიშროების გარეშე. იმუნიტეტი, პარლამენტარისთვის „გარე პირის“ (ხელისუფლების სხვა შტოს) მიერ პასუხისმგებლობის დაკისრებისგან დაცვის გარანტიაა და პარლამენტარს მის მიერ გამოთქმული აზრებისა და შეხედულებების გამო, პოტენციურად გაუთავებელი სამართლებრივი დავებისაგან იცავს. ამგვარ დავებს, შეუძლიათ შეზღუდონ პარლამენტარების მიერ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის თავისუფლება იმდენად, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს სადეპუტატო მანდატის ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინსპექტორმა თეა წულუკიანს არ დააკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წლის 02 თებერვალს პლენარული სხდომის დღის წესრიგიდან გამომდინარე (ერთ-ერთ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა პარლამენტის წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება), საზოგადოების ინტერესი სხდომის მიმართ მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. ამგვარ ვითარებაში, ფიზიკური (თუნდაც საჯარო) პირის ტელეფონის ნომრის გამჟღავნება მონაცემთა დამუშავების სახიფათო პრეცედენტია. საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ საქართველოს პარლამენტის სხდომაზე, დებატების დროს, გაკეთებული განცხადება იყო ცალსახად არასაჭირო მიმდინარე დებატების კონტექსტში.
სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებზე (მათ შორის, პარლამენტის წევრის მიერ პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროებისას) შიდა საპარლამენტო მექანიზმების გამოყენება საკითხის გადაწყვეტის ეფექტიანი საშუალება იქნებოდა, რაც სრულად ეხმიანება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას. საქართველოს პარლამენტში შექმნილი ე.წ. თვითრეგულირების მექანიზმის - ეთიკის საბჭოს კომპეტენცია სწორედ პარლამენტის წევრის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაზე რეაგირებაა.
სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას და ვენეციის კომისიის მოსაზრებებზე.
რაც შეეხება, ჟურნალისტების ნანა ჟორჟოლიანისა და ელისო კილაძის მიერ თეა წულუკიანის ტელეფონის ნომრის გასაჯაროების ფაქტს, შემოწმებით დადგინდა, რომ მათ ტელეფონის ნომერი მოიპოვეს ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულია ჟურნალისტის პროფესიული საიდუმლოება. რაც შეეხება ტელეფონის ნომრის გასაჯაროებას, მათი განმარტებით თეა წულუკიანი არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და იგი ანგარიშვალდებულია მოსახლეობის წინაშე. მოქალაქეებს უფლება აქვთ იცოდნენ მისი ტელეფონის ნომერი, რათა დაუკავშირდნენ სხვადასხვა საკითხზე. შესაბამისად, თეა წულუკიანის ტელეფონის ნომრის გასაჯაროვების მიზნად მათ მიუთითეს საზოგადოების ინფორმირება. ვინაიდან ჟურნალისტებმა ელისო კილაძემ და ნანა ჟორჟოლიანმა გაასაჯაროვეს, პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მოპოვებული, საჯარო პირის (საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის) სატელეფონო ნომერი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ, ჟურნალისტის გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობის გათვალისწინებით, საჯარო ინტერესი განიმარტა ფართოდ და საკითხი გადაწყდა გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების უფლების სასარგებლოდ. შესაბამისად, ნანა ჟორჟოლიანს და ელისო კილაძეს არ დაეკისრათ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
სახელმწიფო ინსპექტორმა გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა თვითრეგულირების მექანიზმის - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მისიას და აღნიშნა, რომ მას აქვს მნიშვნელოვანი როლი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის გამოხატვის თავისუფლებასთან ურთიერთმიმართებისას დაბალანსებული პრაქტიკის შექმნის პროცესში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ როგორც საპარლამენტო დებატების, ასევე ჟურნალისტური საქმიანობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ადამიანის უფლებების სტანდარტების პატივისცემას. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვაზე მსჯელობისას განსაკუთრებული პრობლემა მაშინ წამოიჭრება, როდესაც საქმე ეხება საჯარო პირების პირადი ცხოვრების უფლებას. პირის შესახებ ინფორმაციის ახალ ამბებში ხშირად მოხვედრა, მას არ ართმევს პირადი ცხოვრების უფლებას. როდესაც პირის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლება და პირის გამოხატვის თავისუფლება წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, გამოხატვის თავისუფლებამ პერსონალური მონაცემების დაცვის ვალდებულებას მნიშვნელობა არ უნდა დაუკარგოს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოუწოდებს საზოგადოების თითოეულ წარმომადგენელს, განურჩევლად მათი სტატუსისა, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სხვა პირების პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების საკითხს.
სრული გადაწყვეტილება - საქართველოს პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას სატელეფონო ნომრის გასაჯაროების კანონიერების შემოწმების დასრულების შესახებ
სრული გადაწყვეტილება - თეა წულუკიანის მობილური ნომრის გამჟღავნების კანონიერების შემოწმების დასრულების შესახებ