სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე გამართულ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

2021-05-19 10:10:24
სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის თემაზე გამართულ საერთაშორისო ფორუმში (IFPDP) ჩაერთო და სიტყვით გამოვიდა.

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება - ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, სადაც დიდი მნიშვნელობა სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვას ენიჭება. ფორუმზე ძირითადი განსახილველი თემა თანამედროვე სამყაროში, მათ შორის ტექნოლოგიური განვითარების ფონზე მონაცემების დამუშავება, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, მოქმედი რეგულაციები, ტენდენციები და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

სიტყვით გამოსვლის დროს სალომე ბახსოლიანმა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა შეაფასა და ისაუბრა არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე, სამსახურის მიერ ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე, ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე. 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და მონაცემთა დაცვის თემაზე გამართულ საერთაშორისო ფორუმში სხვადასხვა ქვეყნის 24-მდე საზედამხედველო ორგანო მონაწილეობდა. ფორმატში ჩართულნი იყვნენ სპეციალისტები ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან და აფრიკის კონტინენტიდან.

დღის წესრიგით განხილულ საკითხებს შორის იყო გლობალურ საზოგადოებაში მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული შესაძლებლობები და გამოწვევები, სფეროს რეგულირების კუთხით არსებული სიტუაციის მიმოხილვა და საერთაშორისო პერსპექტივები, მონაცემთა საერთაშორისო გაცვლა, საერთაშორისო სტანდარტები, გამჭვირვალობისა და მონაცემთა დაცვის ურთიერთმიმართება და სხვა აქტუალური საკითხები.

ფორუმის მიზანი საერთაშორისო დონეზე სადისკუსიო სივრცის შექმნაა, სადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე ზედამხედველ ორგანოებს, დარგის ექსპერტებს, სპეციალისტებსა და საკითხით დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების გაცვლისა და პროფესიული მსჯელობის შესაძლებლობა ექნებათ.

საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს ღირსეული წარმომადგენლობა და მაღალი სტანდარტების შესაბამისი უწყების ჩამოყალიბება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი მიზანია. სამსახური გააგრძელებს აქტიურ მუშაობას სხვა ქვეყნების კოლეგა უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფორმატებთან - საერთო გამოწვევებთან გამკლავებისა და ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფის მიზნით.