ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე

2021-05-14 13:04:20
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, ესეების კონკურსსა და ონლაინ კონფერენციას აცხადებენ.

სამსახური აგრძელებს სტუდენტების განვითარებაზე ზრუნვას და ესეების მორიგ კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობაა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში არსებულ ყველა უმაღლესი დაწესებულების, საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტს.

სტუდენტებმა ესე უნდა მოამზადონ არსებული ჩამონათვალიდან ერთ-ერთ თემაზე:

  1. პერსონალურ მონაცემთა დაცვა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
  2. პერსონალური მონაცემების დამუშავება მედია საშუალებების მიერ;
  3. მონაცემთა უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები;
  4. მობილური აპლიკაციების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება;
  5. სახის ამომცნობი სისტემების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება;
  6. შრომით ურთიერთობებში პერსონალური მონაცემების დაცვა;
  7. ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას პერსონალური მონაცემების დაცვა;

პირველ ეტაპზე კონკურსანტების შეფასება მოხდება შერჩეულ თემაზე მომზადებული აბსტრაქტების მიხედვით.

აბსტრაქტები, შესაბამისი აპლიკაციის ფორმით, 14-დან 31 მაისის ჩათვლით მიიღება შემდეგ ელფოსტაზე: students@stateinspector.ge

აბსტრაქტები შეფასდება თემატიკის რელევანტურობიდან, შინაარსის მნიშვნელობიდან და  აქტუალობიდან გამომდინარე. ინფორმაცია აბსტრაქტების შეფასების შედეგების შესახებ სტუდენტებს ეცნობებათ აბსტრაქტების მიღების ვადის დასრულების შემდგომ. დადებითი პასუხის შემთხვევაში, სტუდენტებს ესეს სრული მოცულობით მოსამზადებლად განესაზღვრებათ დამატებითი ვადა და ასევე, ეცნობებათ ნაშრომის შესრულების წესებისა და სტანდარტების შესახებ. დასრულებული ესეების მომზადებაში კონკურსანტებს დახმარებას გაუწევენ სამსახურის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ელჩები.

საკონფერენციო თემების შერჩევა მოხდება ქვემოთ მითითებული კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა;
  • მსჯელობა, არგუმენტაცია;
  • ესეს სტრუქტურა;
  • ინოვაციურობა/შემოქმედებითი მიდგომა;
  • ნაშრომის ორიგინალურობა;
  • ენობრივი ნორმების და აკადემიური სტანდარტების დაცვა.

 

ნაშრომებს შეაფასებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“-ს (IDFI) წარმომადგენლების მხრიდან დაკომპლექტებული ორმხრივი კომისია.

კონკურსის შედეგების შესაბამისად:

  • შეირჩევიან საუკეთესო ესეები, რომელთა ავტორების მონაწილეობითაც ჩატარდება კონფერენცია;
  • კონფერენციის შემდგომ, გამოვლინდება 3 გამარჯვებული;
  • კონფერენციის მონაწილეებსა და გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები;
  • კონფერენციაზე წარმოდგენილი ესეები გამოქვეყნდება ონლაინ ჟურნალში.

კონფერენციის გამართვის თარიღთან და ზოგადად კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას მონაწილეები მიიღებენ მათ მიერ აპლიკაციის ფორმაში მითითებულ ელ. ფოსტაზე.   

ესეების კონკურსი ცხადდება პროექტის „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს მიერ. პროექტს ახორციელებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობით.  კონკურსის ფარგლებში შექმნილი მასალის შინაარსი შეიძლება არ ასახავდეს ნიდერლანდების საელჩოს პოზიციას.

 

გისურვებთ წარმატებებს!