სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის მონაცემთა დაცვის მდგომარეობის თვითშეფასების კითხვარი შეიმუშავა

2021-05-13 10:35:25
საჯარო და კერძო ორგანიზაციებში მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული პროცესების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სპეციალური თვითშეფასების კითხვარი შეიმუშავა.

სამსახურის მიერ მომზადებული თვითშეფასების კითხვარი კერძო და საჯარო ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას, საზედამხედველო ორგანოს ჩართულობის გარეშე, თავად შეაფასონ მონაცემთა დამუშავების მათთან მიმდინარე პროცესები და დაინახონ ამ პროცესში არსებული ხარვეზები, რისკები და პრობლემები. ასევე, შეფასების შედეგების მიხედვით, განსაზღვრონ მონაცემთა დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით მათი მხრიდან განსახორციელებელი ღონისძიებები.

დოკუმენტი შესავსებ კითხვართან ერთად მოიცავს მისი გამოყენების ინსტრუქციას და შინაარსობრივ ნაწილს, სადაც გაანალიზებულია საკანონმდებლო მოთხოვნები. მეტი სიცხადისთვის დოკუმენტი აგებულია კონკრეტულ მაგალითებზე.

კითხვარი თანაბრად სასარგებლო იქნება საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის, ვინაიდან ორივე სექტორი, მათი ფუნქციების შესრულებისას და მომსახურების გაწევისას, ფიზიკურ პირთა დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემებს ამუშავებენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის პრიორიტეტია პრევენციაზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება და ამ გზით კერძო და საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება. სამსახური ამ მიზნით ყოველდღიურ რეჟიმში გასცემს რეკომენდაციებს, ატარებს ტრენინგებს და სამუშაო შეხვედრებს, აქვეყნებს რეკომენდაციებს და გადაწყვეტილებებს, ასევე, პერიოდულად ახორციელებს სხვადასხვა სახის პროექტებს.

ორგანიზაციაში მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვა, ერთი მხრივ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის აღსრულებას, ხოლო მეორე მხრივ აისახება დაწესებულების რეპუტაციასა და მისი საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობაზე.

დოკუმენტის დეტალურად გასაცნობად ეწვიეთ ბმულს 

კონსულტაციისა და დამატებითი კითხვების შემთხევაში დაგვიკავშირდით ნომერზე:
(+995 32) 242 1000