ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარა

2021-05-06 10:11:39
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები გადაამზადა.

სამსახურის მიერ საჯარო მოხელეების აქტიური გადამზადების მიზანი მათი კვალიფიკაციის ამაღლების გზით, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფაა.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში განხილული იყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა და მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების ვალდებულებები. დღის წესრიგში არსებულ საკითხებს შორის, ძირითადი ყურადღება საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ურთიერთმიმართების საკითხს დაეთმო. სწავლება საკანონდებლო ნაწილთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პრაქტიკას, განხილულ საქმეებს და პრეცედენტული მაგალითების განხილვასაც მოიცავდა. 

ტრენინგი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. მონაწილეებმა დასვეს კითხვები და იმსჯელეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე. სასწავლო პროცესს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი - მაია დემეტრაშვილი უძღვებოდა. მსმენელებს კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა ყოველდღიურ საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფასა და დარღვევების პრევენციაში დაეხმარებათ.

საჯარო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

სასწავლო კურსი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით განხორციელდა.