სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური სკოლის მასწავლებლების გადამზადების პროცესში ჩაერთო
2021-04-20 12:01:43სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორებისა და პედაგოგებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გამართული დისტანციური სწავლების კურსის ფარგლებში განხორციელდა და იგი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სკოლის პედაგოგების შესაძლებლობების გაძლიერებად ისახავდა მიზნად.
პერსონალური, მათ შორის არასრულწლოვნების მონაცემების კანონიერად დამუშავების საკითხი, Covid-19_ის პანდემიისა და დისტანციური სწავლების პროცესში კიდევ უფრო აქტუალური გახდა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მხრიდან დაკისრებული ფუნქციების უკეთ შესრულებისა და დისტანციური სწავლების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავების მაღალი მაჩვენებლის გამო, გაიზარდა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფის მნიშვნელობა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ჩატარებული ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ პერსონალური მონაცემების დაცვის ეროვნულ სტანდარტს, მონაცემთა დამმუშავებელი დაწესებულების ვალდებულებებსა და მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, ვიდეოთვალთვალისთვის დადგენილ რეგულაციებსა და მონაცემთა უსაფრთხოების საკითხებს. ტრენინგის მიმდინარეობისას ხაზი გაესვა დისტანციური სწავლების დროს მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებებს, სამსახურის პრაქტიკის ფარგლებში გამოკვეთილ პრობლემურ საკითხებსა და შესაბამის რეკომენდაციებს. ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამუშაო პრაქტიკაში არსებული საქმეები და პრეცედენტული მაგალითები.
დისტანციური სწავლება ორ ეტაპად განხორციელდა და იგი 150-ზე მეტმა მონაწილემ გაიარა. სასწავლო პროცესს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები - მაია დემეტრაშვილი და ლელა გვიშიანი უძღვებოდნენ.ტრენერთა ტრენინგი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერების, პროგრამის ხელმძღვანელებისა და მოადგილეების, ასევე კონსულტანტი მასწავლებლებისთვის განხორციელდა. პროექტი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება. მომზადებული ტრენერები სამომავლოდ აღნიშნულ კურსს edex.emis.ge_ის ვებგვერდის მეშვეობით თავად გაუწევენ ფასილიტაციას და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე სხვა პედაგოგების გადამზადების პროცესს გააგრძელებენ.