პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სტუდენტების სტატიების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
2021-04-16 22:09:39ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს ვიცე-რექტორმა ანა ფირცხალაშვილმა, გახსნეს.
გამომსვლელებმა სტუდენტებს პროექტში წარმატებული მონაწილეობა მიულოცეს და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებით ახალგაზრდების დაინტერესების აუცილებლობაზე ისაუბრეს. ასევე, ხაზი გაუსვეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა, ასევე ამ სახის სახელმძღვანელოების მნიშვნელობას.
კრებული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს ესეების კონკურსის ფარგლებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების მიერ მომზადებულ 12 ნაშრომს აერთიანებს. ნაშრომები მომზადებულია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: დისტანციური სწავლების დროს სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცვა, დისტანციური სწავლების დროს სკოლის მოსწავლეების პერსონალური მონაცემების დაცვა, COVID-19 პანდემიის პირობებში ჯანმრთელობის შესახებ პერსონალურ მონაცემების დაცვა, COVID-19 პანდემიის პირობებში ონლაინ მომსახურებისას პერსონალური მონაცემების დაცვა, COVID-19 პანდემიის გავლენა მონაცემთა უსაფრთხოებაზე და არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების ინტერნეტში გაზიარების საფრთხეები.
ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებს პროექტის ფარგლებში დამუშავებული თემების მნიშვნელობასა და ახალგაზრდების როლზე სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სალომე ბახსოლიანი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს ვიცე-რექტორი ანა ფირცხალაშვილი ესაუბრნენ.
ღონისძიების დასკვნით ნაწილში სახელმწიფო ინსპექტორმა და სეუ-ს ვიცე-რექტორმა სტუდენტური ესეების კონკურსის წარმატებულ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული პროექტების განხორციელებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.