7 აპრილი ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა!
2021-04-07 13:19:25ექიმის მიერ პაციენტთან გასაუბრება თუ სხვა სამედიცინო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ინდივიდუალურად, სხვა პაციენტებისა და პირების დასწრების გარეშე, იზოლირებულ სივრცეში, რათა თავიდან იქნეს აცილებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული დეტალების გარეშე პირთათვის გამჟღავნება.
გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როცა პაციენტი თავად ითხოვს სხვა პირის დასწრებას. თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც, ჯანდაცვის პერსონალი უნდა დარწმუნდეს, რომ მესამე პირის დასწრების თაობაზე პაციენტის თანხმობა მის ნამდვილ ნებას შეესაბამება.
ექიმთან ვიზიტზე მყოფი პირებისთვის გამოყოფილი სივრცე უნდა მოეწყოს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს პაციენტების მონაცემების შემთხვევითი გამჟღავნების რისკი.
მონაცემების დაცვა შესაძლებელია პაციენტებისთვის მოსაცდელი სივრცის გამოყოფით; რიგის ნომრის სისტემის შემუშავებით, რომელიც იძლევა პაციენტების რიგის ნომრით, და არა სახელისა და გვარის საშუალებით გამოძახების შესაძლებლობას; ექიმთან ვიზიტის ჩაწერის სისტემის დანერგვით; ვიზიტის ჩანიშვნისას შესაბამისი ინტერვალის დაცვით.
დაუშვებელია პაციენტის ვინაობისა და მის მიერ ექიმთან დანიშნული ვიზიტის შესახებ ინფორმაციის სამედიცინო დაწესებულების მოსაცდელ სივრცეში განთავსება და მისი სხვა ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომობა.
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მესამე პირთათვის არამართლზომიერი გამჟღავნება ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშ ჩარევას წარმოადგენს, რაც შესაძლოა დიდი ზიანის მომტანი იყოს პაციენტისთვის.
სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ოჯახის წევრისთვის ან სხვა ნათესავისთვის გამჟღავნებისას. პაციენტის ნათესავის მიერ ინფორმაციის მოთხოვნა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად - რამდენად არის ეს პაციენტის ინტერესების შესაბამისი.
ვიდეოთვალთვალის განხორციელება დაუშვებელია, თუ სამედიცინო დაწესებულება ვერ ასაბუთებს ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენების აუცილებლობას.
სამედიცინო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს პაციენტის ინფორმირება ვიდეომონიტორინგის მიმდინარეობის შესახებ.
ზოგიერთ შემთხვევაში ჯანდაცვის პერსონალის მიერ პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება გამართლებულია საჯარო ინტერესიდან გამომდინარე. თუმცა, დაუშვებელია პირის ჯანმრთელობის შესახებ დეტალების დაკონკრეტება - ჩივილები, სიმპტომები, გაწეული მკურნალობა და სხვა.