სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ ფოტოკონკურსის „ჩემი პერსონალური მონაცემები ჩემია“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

2021-03-22 17:01:30
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადებული ფოტოკონკურსის „ჩემი პერსონალური მონაცემები ჩემია“ გამარჯვებულები სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ანნა ჩერნიშოვამ პირადად დააჯილდოვეს.
ლონდა თოლორაიამ კონკურსანტებს გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ პროექტის მთავარი მიღწევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებით ახალგაზრდების დაინტერესება და მათი ხედვის გაზიარებაა.
კონკურსში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 100-მდე სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. არასრულწლოვნებმა წარმოადგინეს მათი თვალით დანახული საფრთხეები, რომლებიც პერსონალური მონაცემების არასათანადო დაცვას შეიძლება მოჰყვეს.
პირველი სამი ადგილის მფლობელები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მოწვეული სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებულმა ჟიურიმ, ხოლო ,,ხალხის რჩეული ფოტო“ Facebook-ის მომხმარებლებმა გამოავლინეს:
• I ადგილის მფლობელი - თამარ ხუციშვილი, ქ. ქარელის მე-2 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი;
• II ადგილის მფლობელი - თათია ქობულაძე, თბილისის 174-ე საჯარო სკოლა, მე-11 კლასი;
• III ადგილის მფლობელი - ანა კურტანიძე, სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ მინაძის საჯარო სკოლა, მე-6 კლასი;
• ,,ხალხის რჩეული ფოტო“ - სოფო კაბულაშვილი, თბილისის თამარ მეფის სახელობის გიმნაზია, მე-10 კლასი.
სკოლის მოსწავლეების მხრიდან გამოხატული მაღალი მოტივაციისა და ინტერესის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, აქტუალური საკითხის საინტერესოდ წარმოჩენისთვის, დამატებით 2 კონკურსანტი გამოვლინდა:
• დავით ბენიძე, ქ. წყალტუბოს მე - 4 საჯარო სკოლა, მე-5 კლასი;
• კესო კონდახიშვილი, თბილისის კერძო სკოლა „ჯეჯილი“, მე-5 კლასი. 

გამარჯვებულებს საჩუქრად ფოტოაპარატი, კომპიუტერული ტექნიკა და სიმბოლური სერტიფიკატები გადაეცათ.
კონკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მადლობას უხდის დონორ ორგანიზაციებს ინიციატივის მხარდაჭერისთვის და ახალგაზრდულ პროექტებზე მუშაობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.