პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები გადამზადდნენ
2021-03-20 11:02:23საჯარო უწყებები დაკისრებული ფუნქციების შესრულებისა თუ მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევის მიზნით, დიდი მოცულობით პერსონალური მონაცემებს ამუშავებენ. სამსახურის მიერ საჯარო მოხელეების აქტიური გადამზადების მიზანი მათი კვალიფიკაციის ამაღლების გზით, ადამიანის პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფაა.
მონაწილეები გაეცნენ პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, მონაცემთა დამმუშავებელი ორგანიზაციების ვალდებულებებს, მონაცემთა სუბიექტის უფლებებსა და მათი დაცვის უსაფრთხოების საკითხებს. დღის წესრიგში არსებულ თემებს შორის, განხილული იყო საჯარო ინფორმაციის გაცემისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ურთიერთმიმართების საკითხი. სწავლება საკანონდებლო ნაწილთან ერთად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამუშაო პრაქტიკაში არსებული საქმეებისა და პრეცედენტული მაგალითების განხილვასაც მოიცავდა.
სასწავლო პროცესს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენელი სალომე ქურასბედიანი უძღვებოდა.
საჯარო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობა, ასევე ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კურსის ფარგლებში მიღებული ცოდნა საჯარო მოხელეებს ყოველდღიურ საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფასა და დარღვევების პრევენციაში დაეხმარებათ.