სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა და IDFI-იმ ახალი ერთობლივი პროექტი დაიწყეს

2021-03-05 14:30:42
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ერთობლივი ინიციატივით, ახალი პროექტი „პერსონალური მონაცემების დაცვის მხარდაჭერა საქართველოში“ დაიწყო.

პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანი ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის განმტკიცება და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებაა.

ღონისძიება სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ, IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა, მააიკე ვან კოლდამმა გახსნეს. ონლაინ ფორმატში პროექტის დაწყებას სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ახალი ინიციატივა საჯარო, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიურ კორპუსის ერთობლივი თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. 

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ახალგაზრდა თაობის განვითარების ხელშეწყობას. ასევე,   პროფესიულ და აკადემიურ წრეებში წახალისდება დისკუსიები პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. დაგეგმილია კვლევების ჩატარება, თემატური პუბლიკაციების, ბუკლეტებისა და ვიდეორგოლების მომზადება. საინფორმაციო მასალები მომზადებული იქნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე და ასევე, შშმ პირების საჭიროებების გათვალისწინებით. სტუდენტების მონაწილეობით ჩატარდება კონკურსები, მათ შორის იმიტირებული სასამართლო პროცესები. პროექტი ასევე მოიცავს სამსახურის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებას და სხვადასხვა სექტორში მონაცემთა დაცვის ხარისხის ამაღლებას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, ხელს შეუწყობს ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებასა და მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებულობის გაზრდას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან აქტიურად თანამშრომლობს. საჯარო და სამოქალაქო სექტორს შორის რესურსების გაერთიანება მნიშვნელოვანია საერთო გამოწვევებთან გამკლავებისა და ერთობლივი ამოცანების მიღწევისათვის.