სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას ააქტიურებს

2021-01-28 14:49:08

მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან დისტანციური სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში - ლუიზა ვინტონმა  და საქართველოში ევროკავშირის (EU) წარმომადგენლობის პროგრამის მენეჯერმა ივონ გოგოლმა გახსნეს. გამომსვლელებმა ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლების პროცესში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლზე ისაუბრეს.

საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების ცნობიერების გაზრდა, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული პირების ინფორმირებულობა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ 2019 წელს საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, კერძო და საჯარო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის სავალდებულო არსებობას ითვალისწინებს, რომელიც ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვაზე იქნება პასუხისმგებელი.

აღნიშნული შეხვედრა და უნივერსიტეტებთან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლობის გაძლიერება, საჯარო და კერძო სექტორისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში საჭირო ცოდნის მქონე მომავალი თაობის აღზრდას, სტუდენტების სასწავლო პროგრამებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების სწავლების გაფართოებასა და სტუდენტების საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროცესში ჩართვას ისახავს მიზნად.    

ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილე სოფიო ჯიაძემ კოორდინაციის გაზრდის, ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და უნივერსიტეტებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სასწავლო პროგრამების დანერგვის პერსპექტივებზე ისაუბრა. დისტანციურ სამუშაო შეხვედრაში 20-ზე მეტი უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომლებმაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან თანამშრომლობაზე თავიანთი მოსაზრებები და ინიციატივები წარმოადგინეს.

გამართულ შეხვედრას სამსახურსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმების გაფორმება უძღვოდა წინ, რომლებშიც სტუდენტებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებია გაწერილი.

შეხვედრის ფარგლებში, ასევე გამოვლინდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ორგანიზებული სტუდენტური ესეების ერთობლივი კონკურსის 4 საუკეთესო ავტორი: თამარ ვარდიაშვილი, მარიამ ჭიკაძე, თამარ ფაჩულია და ნატა სუხაშვილი. ისინი სტაჟირებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაივლიან.

აღნიშნული კონკურსი სამსახურსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთ პირველ მაგალითს წარმოადგენს.

ღონისძიება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა. აღნიშნულით  კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ პროცესში ახალგაზრდა თაობის ჩართულობის ხელშეწყობის მნიშვნელობა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაგეგმილი  ღონისძიებები, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ხორციელდება და მათი მიზანი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობაა.