სახელმწიფო ინპექტორი პერსონალურ მონაცემთა დაცვის დღის შესახებ

2021-01-28 12:02:17
„დღეს, 28 იანვარს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომელიც ევროპასა და მსოფლიოში აღინიშნება. 40 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, ხელმოსაწერად გაიხსნა მონაცემთა დაცვის სფეროში პირველი საერთაშორისო დოკუმენტი - „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენცია.
აღნიშნული დღის მიზანი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. ეს თარიღი კიდევ ერთხელ გვახსენებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას - პატივი ვცეთ სხვის პირად ცხოვრებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებას.
მსოფლიო ალბათ არასდროს ყოფილა სავსე გამოწვევებით ისე, როგორც დღეს. პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი ცხოვრების სტილი. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უფრო მეტად გახდა დამოკიდებული ტექნოლოგიებზე. გაიზარდა ჩვენი მონაცემების, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, ელექტრონული სისტემებით დამუშავების სიხშირე და მოცულობა; შემჭიდროებულ ვადებში შეიქმნა ახალი ელექტრონული პროდუქტები პანდემიის მართვის, ონლაინ სწავლების, ონლაინ ვაჭრობის, ონლაინ მომსახურების, ონლაინ მუშაობის მიზნით, რამაც გააჩინა მონაცემთა ახალი მეთოდოლოგიითა და ტექნიკური საშუალებებით დამუშავების საჭიროებები. კიდევ უფრო გამოწვევებით სავსე იყო ეს წელი ბავშვებისათვის. არასრულწლოვნებმა განათლების მიღებისა თუ გართობის მიზნებისთვის სრულად ონლაინსივრცეში გადაინაცვლეს, სადაც მონაცემთა გაზიარებისა და მიმოცვლის მონიტორინგი კიდევ უფრო რთულია.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიესალმება მონაცემთა დამუშავების პროცესების განვითარებას, ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, თუმცა არცერთ სიტუაციაში არ უნდა შევწყვიტოთ ფიქრი და ზრუნვა ადამიანის უფლებებზე. პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მონაცემთა დამუშავება, ტექნოლოგიური განვითარება, ახალი ინოვაციები უნდა იყოს თავსებადი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს ამკვიდრებს საზოგადოება. სასიხარულოა, რომ ქართული საზოგადოება ვითარდება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე მათი ცნობიერება წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა, უნდა წავიდეთ კიდევ უფრო წინ, რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვა არის უმთავრესი ადამიანის ღირსებისა და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების უზრუნველსაყოფად. ჩვენ, ყველამ ერთად - კერძო და საჯარო სექტორმა, საზოგადოების თითოეულმა წევრმა, უნდა გავაგრძელოთ ზრუნვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ ადამიანების ინფორმირებულობის გაზრდაზე, რათა საქართველო ამ მიმართულებით განვითარების ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ პირს, ვინც 2020 წელს თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა პირადი ცხოვრებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საქმეში.“
ლონდა თოლორაია
სახელმწიფო ინსპექტორი